Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ  შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატები საქმის მასალების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა


საქართველოს გენერალური პროკურატურის თანახმად, გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა:

„გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს - მკვლელობას და მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია, გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ:

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების განხორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა. ბრალდება მათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინათ. ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატების თანახმად, შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალდებული პირები ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.

XS
SM
MD
LG