Accessibility links

გორიდან გატაცებულ გოგოს ამ დრომდე ეძებენ


გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 17 წლის გოგო, რომელიც, 11 აგვისტოს, სავარაუდოდ, ქორწინების მიზნით მოიტაცეს, პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია.

არასრულწლოვანი გორი-თბილისის ტრასიდან მოიტაცეს, როდესაც ის თბილისში მიდიოდა. გოგონა მე-12 კლასელია.

როგორც არასრულწლოვნის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ არ იციან გოგონას ზუსტი ადგილსამყოფელი და პოლიციისგან დროულად რეაგირებას და მის პოვნას მოითხოვენ.

როგორც კავშირ „საფარის“ იურისტმა, თამუნა ლუკავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, გამტაცებლებმა გოგონას სახლში დარეკვის უფლება მისცეს - ამ საუბრის დროს მან მშობლებს სთხოვა, ის უკან დაებრუნებინათ.

თამუნა ლუკავა ვარაუდობს, რომ გოგო მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოიტაცეს. მისი ტელეფონი ამ დრომდე გამორთულია.

ოჯახმა პოლიციას მიმართა, თუმცა მათთვის ამ დრომდე უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პოლიციამ.

„ოჯახის წევრები გვეუბნებიან, რომ პოლიცია მომხდარს ძალიან არასენსიტიურად უდგება, მშობლებს ეუბნებიან, რა გაღელვებთ, შვილი გაგიბედნიერდათო. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან არასრულწლოვნების თავისუფლების აღკვეთას უფრო მძიმე, სქესობრივი დანაშაული მოსდევს ხოლმე, რის შემდგომაც გოგონები უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე. ან ამბობენ, რომ ნებით გაჰყვნენ გამტაცებლებს“, - ამბობს თამუნა ლუკავა.

მას მერე, რაც „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ ფეისბუკზე მომხდარ ფაქტზე საჯარო პოსტი დაწერა, რამდენიმე წუთში გოგონას ისევ დაარეკინეს მშობლებთან და ათქმევინეს, რომ მას ხვალ დააბრუნებენ სახლში.

„ჩვენი მოთხოვნა ახლა არის, რომ სასწრაფოდ დადგინდეს სატელეფონო ანძების მეშვეობით, თუ საიდან დარეკა გოგონამ და სად ჰყავთ ახლა არასრულწოვანი“, - ამბობს „საფარის“ იურისტი.

რადიო თავისუფლება ესაუბრა მოტაცებული გოგონას დეიდას, რომელმაც გვითხრა, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგონა, შესაძლოა, რაჭაში ჰყავდეთ. ოჯახი პოლიციისგან მოითხოვს, არასრულწლოვნის სახლში დაბრუნებას.

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG