Accessibility links

სომხეთის მთავრობა საგანგებო ვითარების კვლავ გაგრძელების წინადადებით გამოვიდა


სომხეთის მთავრობა გამოვიდა წინადადებით, კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო ვითარება. მისი თქმით, ეს საჭიროა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებული დადებითი ტენდენციის შესანარჩუნებლად.

12 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ საგანგებო ვითარების მეხუთე გახანგრძლივება უკანასკნელი იქნება. მან მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ხელისუფლების მიერ დაწესებული ანტიეპიდემიური ზომები.

ამავე დროს, სომხეთის მთავრობამ გააუქმა ზოგიერთი აკრძალვა და შეზღუდვა, რომელიც მარტში იქნა შემოღებული. მათ შორის, გაუქმდა პოლიტიკური შეკრებების აკრძალვა.

განვლილი თვეების განმავლობაში საგანგებო ვითარების ყოველთვიური გაგრძელება სომხეთის ოპოზიციის კრიტიკის საგანი იყო.

მარტში ეპიდემიის დაწყების შემდეგ სომხეთში 40 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, 800-ზე მეტი გარდაიცვალა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 33 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.

საგანგებო ვითარების გაგრძელების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას განიხილავს პარლამენტი, სადაც ფაშინიანის ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“ დომინირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG