Accessibility links

site logo site logo

ალექსიევიჩი ლუკაშენკას: წადი, სანამ გვიან არ არის!


სვეტლანა ალექსეევიჩი, 2015 წლის ნობელიანტი მწერალი

2015 წლის ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურთან ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისადმი თავის დამოკიდებულებაზე ლაპარაკობს.

ავტორი: იური დრაკოხრუსტი

- ჩემი აზრით, ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა. მე ვხედავ, როგორ განიცდის საზოგადოება რადიკალიზაციას ჩვენ თვალწინ, იმიტომ რომ ისე იქცევა სპეცრაზმი, რომ ამას ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით ... ვნახეთ, რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ ის, რაც აქ ხდება... ესვრიან მანქანას, სადაც პატარა ბავშვი იმყოფება და ის სისხლში ცურავს; ფეხმძიმე ქალს სცემენ, დაკავებულებს მუხლით ახრჩობენ - ეს ისაა, რის წინააღმდეგაც აღდგა ამერიკის მთელი შავკანიანი მოსახლეობა.

დღეს კი ისინი ქუჩებიდან იტაცებენ ხალხს. დაკავებულები სხედან სპორტულ დარბაზებში საჭმელ-სასმელის გარეშე. რაც მთავარია, ხალხი აბსოლუტურად მშვიდობიანია. დღეს [პროტესტის ნიშნად] გაიმართა ქალთა სოლიდარობის აქცია. ქალები ამბობდნენ, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ სიმართლე არჩევნების შესახებო…. ითხოვდნენ, არ დახოცოთ ჩვენი მამაკაცებიო.

მათ მხოლოდ ეს ორი მოთხოვნა ჰქონდათ. მოჰქონდათ ყვავილები და ლოცულობდნენ მარადიულ ცეცხლთან. და როდესაც დაიწყეს დაშლა, როდესაც ცოტანი დარჩნენ, მათ თავს დაესხა სპეცრაზმი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ღამით ხდება. ეს, უბრალოდ, სამხედრო მოქმედებებია...

- დარწმუნებულია ხალხი, რომ ლუკაშენკამ წააგო არჩევნები სვიატლანა ციხანოუსკაიასთან?

- აბსოლუტურად დარწმუნებული. მე ვიცი, საიდან მოდის ეს რწმენა: თავიანთ გარშემო ვერავის ხედავენ, ვისაც უყვარს ლუკაშენკა; ვერავის ხედავენ, ვინც მას დაიცავს ისე, როგორც ადრე იცავდნენ.

და როგორ შეიძლება, ყოველივე ამის შემდეგ, რაც ჩვენს ქუჩებში ხდება, გჯეროდეთ ამ ადამიანის ?! დადის ხმები (ანატოლი ლებედკოს თქმით, და მას, ალბათ, გადამოწმებული ინფორმაცია აქვს), რომ აქ რუსული OMON-ის ჯარია შემოყვანილი. აბა, ვის ეყვარება ეს? ვის შეიძლება ეს უყვარდეს? გარდა ამისა, ბელარუსები მუდმივად ხაზს უსვამენ იმას, რომ ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, არავის არ სურს ვინმეს მოკვლა, არ გვინდა ვინმეს ცემა. ეს კი თითქმის არაადამიანური, სატანური რისხვაა, როგორც სპეცრაზმი მოქმედებს დღეს. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ბელარუსული OMON-ია. ვფიქრობ, ბელარუსი ბიჭები ასე არ გაიმეტებდნენ თავიანთ დედებსა და დებს. ეს რაღაც არარეალურია. პატარა ქალაქებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, სპეცრაზმი უარს ამბობს ხალხის ცემაზე. მას საკუთარი ხალხის ცემა არ უნდა. აქ კი რაღაც არარეალური ხდება ...

-როგორ აფასებთ სვიატლანა ციხანოუსკაიას წასვლას ბელარუსიდან ლიეტუვაში?

- ვეთანხმები ბევრის აზრს, რომ ციხანოუსკაიამ შეასრულა თავისი საქმე. ის იყო და რჩება ცვლილებების წყურვილის სიმბოლოდ, ახალი ცხოვრების წყურვილის, პატიოსნების წყურვილის, ხალხისა და საკუთარი ქმრისთვის თავგანწირვის სიმბოლოდ.

ბოლოს და ბოლოს, ადამიანი არ არის ყოვლისშემძლე. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო. მის შესახებ ცუდს ვერაფერს გეტყვით. მოდი, ახლა კაცები გამოვიდნენ წინა ხაზზე. უკვე ეროვნული ხსნის კომიტეტი, ელიტა უნდა შეიკრიბოს, საზოგადოება უნდა შეუერთდეს ბრძოლას და არა მხოლოდ ეს სამი პატარა ქალი.

სამივე ლამაზია, თითოეული თავისებურად - ვერონიკა ცეპკალოც, მარია კოლესნიკოვაც და სვიატლანა ციხანოუსკაიაც. მარია ისევ პოსტზეა. მაგრამ თუკი შვილები უნდა შეეწირათ მსხვერპლად, - და მე ვიცი, რაზე არიან წამსვლელი ჩვენი ორგანოები, როგორ შეუძლიათ მოქმედება და დაშინება, - მაშინ რა გასაკვირია, რომ ორი ქალი - სვიატლანა და ვერონიკა - გარკვეული დროით გავიდა ამ რბოლიდან. მაგრამ ვფიქრობ, ისინი დაბრუნდებიან.

- შეგიძლიათ მედიატორის როლი იტვირთოთ?

- შუამავლის ვის და ვის შორის?

- ვის შორისაც ახლა კონფლიქტია.

- მე რომ უფრო ახალგაზრდა ვიყო და არ ავადვმყოფობდე, ალბათ კი. ახლაც მივეხმარები მთელი ძალისხმევით, მაგრამ მოძრაობას რომ ვუხელმძღვანელო, ამის აღარც ფიზიკური ძალა მაქვს შერჩენილი და აღარც სულიერი.

- რას ეტყვით იმ ხალხს, ვინც საპროტესტო აქციებით გამოვიდა და, ალბათ, ისევ გამოვა?

- მადლობელი ვარ მათი, რომ ღირსება შეგვინარჩუნეს. მე, უბრალოდ, შემიყვარდა ჩემი ხალხი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს არის სრულიად განსხვავებული ხალხი, ამ ადამიანებში არის სრულიად განსხვავებული ძალა. მე იმედგაცრუებული ვიყავი - ახლა ასე აღარ ვარ. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ორგანიზებული და რომ ეს ბრძოლა ლიდერებსაც იპოვის. რატომღაც ყველამ გადაწყვიტა, რომ ეს გოგოები [თვითონ] გააკეთებდნენ ყველაფერს. ძალიან ცუდია, რომ მათ გარშემო გუნდი არ იყო შეკრული.

- რას ეტყვით ალიაქსანდრ ლუკაშენკას?

- ... ისევე ლამაზად მინდოდა თქმა, როგორც ჟურნალისტმა სვიატლანა კალინკინამ: "წადი ლამაზად! .. მაგრამ ეს აღარ გამოდგება, უკვე სისხლია [დაღვრილი]. სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, სანამ ხალხს საშინელ უფსკრულში გადაჩეხთ, სამოქალაქო ომის უფსკრულში, წადი! მაიდანი აქ არავის სურს; სისხლი არავის სურს. მხოლოდ შენ გინდა ძალაუფლება. ეს შენი ძალაუფლების წყურვილია, სისხლს რომ მოითხოვს ”, -თქვა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურთან ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG