Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას თავსატეხი: რა ჩანს და რა არის საქართველოს დასანახი


ბელარუსში მიმდინარე პროცესები საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ზღვარზე გადის და მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საფრთხესაც.

როგორ ჩანს ბელარუსში მიმდინარე მოვლენები საქართველოდან? რა შეიძლება მოიტანოს პროცესებმა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების არადემოკრატიულ მექანიზმებსა და ბელარუსის შიდა საქმეებში რუსეთის უხეშ ჩარევას უკავშირდება? რა გაკვეთილები ჩანს საქართველოსთვის?

აღიარების საფრთხეს სამუდამოდ არ ჩაუვლია

ის, რასაც საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ ვარაუდობდნენ, ბოლო პერიოდში თავად ალექსანდრ ლუკაშენკამაც აღიარა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მრავალგზის დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ლუკაშენკამ თქვა, რომ რუსეთთან მტკიცე მოკავშირეობის გამო მზად იყო სწრაფადვე ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუმცა ის ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი კომისრისა და საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის - ხავიერ სოლანას მუქარანარევმა თხოვნამ შეაჩერა.

ლუკაშენკა მიხვდა, რომ სოლანას მიერ დაპირებული სანქციებით მისი ქვეყანა ბევრს დაკარგავდა. რუსეთი კი საპირწონედ არაფერს ჰპირდებოდა.

მაგრამ აღიარების საფრთხე საქართველოში ჩავლილად არც ახლა მიაჩნიათ.

როგორც „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეავიწროებს პრეზიდენტ ლუკაშენკას დემოკრატიული პროცესები და რამდენად დასჭირდება მას რუსეთის დახმარება.

„ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბელარუსში დემოკრატიული ძალები მომძლავრდნენ და პროცესები ხავერდოვანი რევოლუციური სცენარით განვითარდა... ასეთ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ფეხებში ჩაუვარდეს პუტინს და დახმარება სთხოვოს.

ლუკაშენკასთვის მთავარია საკუთარი პერსონა და ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ მზად იქნება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების მოთხოვნაც დააკმაყოფილოს“.

ბოლო პერიოდში ალექსანდრ ლუკაშენკასა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა რუსეთთან ბელარუსის მიერთების მცდელობების გამო. თუმცა კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ლუკაშენკა ქვეყნის სუვერენიტეტის პრობლემასაც დაივიწყებს - „ამბიციურობის მიუხედავად, ჩანს, რომ ის არ არის ბელარუსი გმირი, რომელიც საკუთარ კარიერასა და თავს გასწირავს ბელარუსის დამოუკიდებლობისთვის“.

ასევე კახა გოგოლაშვილის თქმით:

  • თუკი ბელარუსი აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, მას შესაძლოა მიბაძონ დსთ-სა და ევრაზიულ კავშირში შემავალმა სხვა სახელმწიფოებმაც;
  • ეს აღიარება ბელარუსს ძალიან ძვირად დაუჯდება - მათ შორის ეს ფაქტიც დაედება საფუძვლად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან ბელარუსის გარიცხვას, დასავლეთის დახმარების შეწყვეტასა და სანქციების გაძლიერებას;
  • დასავლეთისგან სრულად იზოლირებული ლუკაშენკას წონა რუსეთისთვის მაშინვე განულდება და კრემლი მას უფრო სანდო ლიდერით ჩაანაცვლებს;
  • იმისთვის, რომ ლუკაშენკა რადიკალურ ქმედებებზე არ წავიდეს, უკვე წლებია, დასავლეთი ბელარუსში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას სამოქალაქო საზოგადოების დახმარების გზით ცდილობს და საპროტესტო აქციებმაც გამოაჩინა, რომ საზოგადოებაში დემოკრატიული აღქმები გაზრდილია.

იმ ფაქტს, რომ ბელარუსმა დღემდე არ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, ანალიტიკოსები ამერიკის დიდ ძალისხმევასაც უკავშირებენ - ამერიკამ დააკანონა, რომ დახმარება შეუწყდება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც რაიმე სახით უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ბოლო პერიოდში, მოსკოვი-მინსკის დაპირისპირების ფონზე, რუსეთმა თითქოს უკანა პლანზე გადაინაცვლა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა მინსკის ურთიერთობები დასავლეთთან.

თუმცა საქართველოში მოელიან, რომ კვლავაც ძალაში დარჩება ლუკაშენკას ცნობილი დაბალანსების პოლიტიკა, რადგან რუსეთისგან სრულად ჩამოშორებისა და დასავლეთთან დაახლოების შემთხვევაში, ბელარუსში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთ არჩევნებში კი, ლუკაშენკას გამარჯვება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

გაკვეთილები საქართველოსთვის და არა მხოლოდ

ბოლო პერიოდში ბელარუსის გარშემო მიმდინარე ხმაურიან პროცესებში ანალიტიკოსები საქართველოსთვის გასათვალისწინებელ რამდენიმე გაკვეთილს ხედავენ.

როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე გვეუბნება, სხვები რაღას უნდა მოელოდნენ, როდესაც რუსეთმა არც თავისი ყველაზე დიდი მოკავშირე, ძმად გამოცხადებული ქვეყანა - ბელარუსი დაინდო.

„ამ ქვეყანას არ მოუთხოვია ინტეგრაცია არც ნატოში და არც ევროკავშირში; მას არასდროს ჰქონია მკვეთრად დასავლური ორიენტაცია, რუსეთთან ძმური ურთიერთობების მომხრე იყო და ფაქტობრივად ერთიანი სახელმწიფოს შექმნის საფუძვლებზეც შეთანხმდნენ...

მაგრამ რუსეთმა ჰიბრიდული ომის ხერხების გამოყენება ბელარუსშიც დაიწყო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთთან ახლო პარტნიორობის საბოლოო შედეგი სუვერენიტეტის დაკარგვაა. ეს საბოლოოდ ბელარუსშიც დაინახეს“.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ოკუპაცია-ანექსიის რიგში ბელარუსის ჯერი საქართველოსა და უკრაინის შემდეგ დადგა და ამ საფრთხეს საერთაშორისო თანამეგობრობა იმთავითვე აცნობიერებდა.

მართალია, ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკას გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა, მინსკისა და მოსკოვის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულ ფაზაშია.

ანექსიის მცდელობებისა და ენერგეტიკული ომის შემდეგ, საქმე დაქირავებულ მებრძოლებამდეც მივიდა.

9 აგვისტოს კენჭისყრამდე, პრეზიდენტმა ლუკაშენკამ რუსეთი დაადანაშაულა წინასაარჩევნო პროცესებში უხეშ ჩარევასა და არეულობის მიზნით უშიშროების კერძო კომპანია „ვაგნერის“ (Vagner) დაქირავებული მებრძოლების შეგზავნაში. ბელარუსში „ვაგნერის“ 30-ზე მეტი მებრძოლი ივლისის ბოლოს დააკავეს. მოგვიანებით კი, ლუკაშენკა კიდევ ერთი ჯგუფის შესახებ ლაპარაკობდა.

საპროტესტო აქციის დარბევა, 9 აგვისტო
საპროტესტო აქციის დარბევა, 9 აგვისტო

მსოფლიოს მსგავსად, ანალიტიკოსებისთვის საქართველოშიც ცხადია, რომ პუტინს ლუკაშენკას თამაშები მობეზრდა და მის ადგილას უფრო მკვეთრად პრორუსული ლიდერის ხილვას ისურვებდა.

როგორც უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა, პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ სპიკერმა, თეონა აქუბარდიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესში „ვაგნერის“ მებრძოლების ჩართვით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა მეთოდები აქვს რუსეთს და ძალისხმევას ის არც საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს დააკლებს.

„საქართველომ ყურადღებით უნდა შეაფასოს ის პროცესები, რაც ხდება ბელარუსში და, შესაბამისად, უნდა მოხდეს იმ საფრთხეების შეფასება - რა მექანიზმებით შეიძლება ჩაერიოს რუსეთი საქართველოში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველო ვალდებულია, ყველაფერი გაკეთოს იმისათვის, რომ არ მოხდეს რუსეთის მიერ ამომრჩევლების ნებით მანიპულირება.

რუსეთის ჩარევა რომ მოსალოდნელია, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმაც (კელი დეგნანმა) ილაპარაკა. ასეთივე მოლოდინია საექსპერტო წრეებშიც“.

დასავლეთის მიმართ ბრალდებები

დასავლეთის ქვეყნები და ცალკეული ლიდერები გმობენ ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ გამოვლენილ ძალადობას და მინსკისგან დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

საერთაშორისო თანამეგობრობას აწუხებს ის ფაქტი, რომ ლუკაშენკას ხელისუფლება ოპონენტებს დასავლურ ფასეულობებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდა. გამოცხადდა ბრძოლა ჟურნალისტების წინააღმდეგაც.

  • ოპონენტები იდევნებოდნენ კენჭისყრამდეც და კენჭისყრის შემდეგ გამართული მიტინგების გამოც - ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია 3000 ადამიანი;
  • დაჭერილია არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ზოგიერთების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია;
  • ბელარუსის მილიციამ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად 9 აგვისტოს ქუჩაში გამოსული ხალხის წინააღმდეგ მალევე გამოიყენა სპეციალური საშუალებები - რეზინის ტყვიები თუ წყლის ჭავლი;
  • ოფიციალური მონაცემებით, აქციების დროს 39 სამართალდამცველი და აქციის 50 მონაწილე დაშავდა; თუმცა დამოუკიდებელი წყაროები გაცილებით მეტი ადამიანის დაშავებას ვარაუდობენ;
  • ვრცელდებოდა ცნობები ინტერნეტის გათიშვასთან და სოციალურ ქსელებსა თუ ვებსაიტებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ამ მოვლენების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ ლუკაშენკასთვის არ მიულოციათ ადგილობრივი ცესკოს მიერ გამოცხადებული გამარჯვება. ეს ჯერჯერობით არც საქართველოს ხელისუფლებას გაუკეთებია.

ამასთან, 10 აგვისტოს, დღის განმავლობაში, თბილისში ხელისუფალთა საჯარო კომენტარები არც მომიტინგეთა ძალადობრივი დარბევისა და დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკას გამარჯვება მიულოცეს ჩინეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა.

ალექსანდრ ლუკაშენკამ მიტინგების დარბევის შემდეგ დსთ-ს ხელმძღვანელობას აცნობა, რომ პროცესები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან განხორციელებული ზარებით იმართებოდა.

ლუკაშენკა მანამდეც გამოთქვამდა ეჭვებს გარეშე ძალების მიერ ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის დაგეგმვის თაობაზე.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკა მე-6 ვადით იყრიდა კენჭს. ის უკვე 26 წელია, 1994 წლიდან მართავს ბელარუსს.

ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობას არცერთი არჩევნები არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG