Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შესაძლოა ბელარუსის მიმართ სანქციებზე იმსჯელოს


ბელარუსში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი დირკ შიუბელი ყვავილებს დებს იმ ადგლზე, სადაც დაიღუპა საპროტეტო აქციების მონაწილე.
ბელარუსში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი დირკ შიუბელი ყვავილებს დებს იმ ადგლზე, სადაც დაიღუპა საპროტეტო აქციების მონაწილე.

ბელარუსში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ყვავილები მიიტანეს მინსკში იმ ადგილზე, სადაც დაიღუპა საპროტესტო გამოსვლების მონაწილე.

მათ მიესალმა ასობით ადამიანი, რომელმაც მანამდე მოიყარა თავი ამ ადგილზე, რათა პატივი მიეგო დაღუპულისთვის და დაკავებულთათვის სოლიდარობა გამოეხატა.

მინსკში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დარბევაზე და გაათავისუფლოს დაკავებულები.

პარასკევს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსში შექმნილ ვითარებას. როგორც როიტერსი იტყობინება, არ არის გამორიცხული, რომ განხილულ იქნება ბელარუსის ხელისუფლების მიმართ სანქციების შემოღება საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას დემოკრატიული სტანდარტების დარღვევისა და დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის.

როიტერსი იტყობინება, რომ სანქციებს მხარს უჭერენ გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და ავსტრია. შესაძლო სანქციების მიმართ ყველაზე სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს უნგრეთს, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი ხუთშაბათს გამოვიდა მოწოდებით, ბელარუსის ხელისუფლებასთან დიალოგი გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, უნგრეთს მანამდე არ დაუბლოკია ევროკავშირის განცხადება, რომელშიც დაგმობილია მინსკის მოქმედებები.

ევროკავშირის რიგი ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა ლაპარაკი იყოს სანქციებზე ბელარუსიელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ბრალდებული. სანქციები შეიძლება უკვე აგვისტოს ბოლოდან შემოიღონ.

ევროკავშირის ზოგი ქვეყანა უფრო მკვეთრ რიტორიკას მიმართავს. სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანსა ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე წინადადებით გამოვიდა, ბელარუსში ახალი არჩევნები გაიმართოს საერთაშორისო მეთვალყურეთა კონტროლით.

ბელარუსში მეხუთე დღეა, გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამოწვეული საპროტესტო აქციები. აქციების მონაწილეთა თქმით, არჩევნები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ გააყალბეს.

ხუთშაბათს მინსკის ქუჩებში ხალხი სოლიდარობის ჯაჭვებს აკეთებდა. აქციებში ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG