Accessibility links

პროკურორი პასუხობს თამარ ბაჩალიაშვილის დედას


პროკურორი მარიამ გოგორელიანი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის ბრალდებას უარყოფს პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

„ქალბატონი თეონას ბრალდებები, რომ თითქოს მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ვახორციელებდი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. რა თქმა უნდა, იმ ფურცელთან [ბაჩალიაშვილის ჩანაწერი] დაკავშირებით ლოგიკურად დაისვა შეკითხვა, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟურნალისტთან და ვკითხეთ, თქვენ ხომ არ გადაეცით-მეთქი. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო", - თქვა პროკურორმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში.

გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ 13 აგვისტოს მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. საქმე, პროკურატურის თანახმად, პროკურორის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის ფაქტს შეეხება.

თეონა თამაზაშვილმა 13 აგვისტოს მედიასთან განაცხადა, რომ პროკურორი მარიამ გოგორელიანი აბულინგებდა. თამაზაშვილი აღნიშნავდა, რომ პროკურორი მას კითხვებს უსვამდა, როგორც ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ასევე ინტერესდებოდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საკითხით.

თამარ ბაჩალიაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG