Accessibility links

ისრაელისთვის საქართველო "მწვანე ქვეყანაა"


ისრაელმა კორონავირუსის პანდემიის გამო დადგენილი „მწვანე ზონის“ ქვეყნად საქართველოც გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნა არ მოუწევთ.

გამოცემა Globes-ი წერს, რომ ისრაელის მთავრობა „მწვანე ზონას“ ადგენს ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით და სიას ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადახედავს.

ამ ეტაპზე ისრაელის მიერ „მწვანე ქვეყნებად" გამოცხადებულია: ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ახალი ზელანდია, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია. ყველა სხვა ქვეყნიდან დაბრუნების შემთხვევაში, ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის ვალდებულება აქვთ. ამასთან, ისრაელს საზღვრები ისევ დაკეტილი აქვს უცხოეთის სახელმწიფოთა მოქალაქეებისთვის.

ისრაელი ჯერჯერობით არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც საქართველომ უპირობოდ გაუხსნა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი. ჯერ კიდევ მაისში, საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ ისრაელი იქნებოდა ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, საიდანაც 1 ივლისიდან, ქვეყანა ტურისტებს მიიღებდა. თუმცა, ერთი თვის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო. ამასთან, ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ საქმიანი ვიზიტით. ასეთ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან საკუთარი ხარჯით PCR-ტესტირება ჩაიტარონ ყოველ 72 საათში ერთხელ.

2019 წლის სტატისტიკით, ისრაელიდან საქართველოში ჩამოვიდა 228 000-მდე ვიზიტორი, რაც 2018 წელთან შედარებით 31%-ით მეტი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG