Accessibility links

კლასში მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება


15 სექტემბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განსხვავებული წესებით დაიწყება. კორონავირუსის პრევენციისთვის წესდება სანიტარიული ნორმები და სკოლაში გადაადგილების წესები.

წესები, რომელიც სკოლებში უნდა მოქმედებდეს:

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
  • სველი წერტილების სანიტარიული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავება და განიავება;
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარიული დამუშავება;
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის, დასვენებების პერიოდში და სხვა.

"განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა. სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან", - აცხადებენ სამინისტროში.

გარდა ამისა, კლასში მაქსიმუმ 29 მოსწავლე უნდა იყოს. თუ სკოლის ინფრასტრუქტურა მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, შეეძლებათ რამდენიმე ცვლად სწავლება.

არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG