Accessibility links

ევროპარლამენტის თავმჯდომარე: ბელარუსის ხელისუფლების ძალადობა საკუთარ ხალხზე იმსახურებს სანქციებს


დავიდ სასოლი

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, დავიდ სასოლი, მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლება შეწყვიტოს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც არჩევნების შედეგების გადახედვისა და ცვლილებების მოთხოვნით გამოდიან ქუჩებში.

„სამართალდამცველი ორგანოები მიერ უხეში ძალის გამოყენებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რასაც ახლავს ადამიანების დაღუპვა და დაშავება, -საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აუცილებლად მოჰყვება შედეგები, მათ შორის მიზანმიმართული სანქციების სახით“, - ნათქვამია ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის საიტზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

პარასკევს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსში შექმნილ ვითარებას. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, არ არის გამორიცხული მინისტრებმა იმსჯელონ სანქციების დაწესებაზე ბელარუსის რეჟიმის მიმართ, დემოკრატიული სტანდარტების დარღვევებით საპეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრანტების სასტიკი ძალით დარბევის გამო.

„როიტერსი“ იტყობინება, რომ სანქციებს მხარს უჭერენ გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და ავსტრია.

სანქციების შემოღება ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამორიცხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც დაგმო ბელარუსში გამართული არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები და სამართალდამცველი ორგანოების ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე.

„ჩვენ ვხედავთ ძალადობას და მის შედეგებს. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართავენ ზომებს, რომლებიც არ უნდა გამოიყენებოდეს. ჩვენ ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, თუ როგორ რეაგირებას მოვახდენთ ამ სიტუაციაზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთი რამ: ჩვენ ვითანამშრომლებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას და მომხდარით ასევე არიან შეშფოთებული. ჩვენ სიკეთე გვსურს ბელარუსი ხალხისთვის და სწორედ აქედან გამომდინარე ვიხელმძღვანელებთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

საერთაშორისო ზეწოლისა და მასობრივი გამოსვლების ფონზე, ბელარუსის ხელისუფლებამ 13 აგვისტოს დაიწყო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების მასობრივი გათავისუფლება.

იზოლატორებიდან გათავისუფლებულები, რომელთა შორის მრავლად არიან ქალები, ჟურნალისტებს უამბობენ, ცემის, არაადამიანური მოპყრობის, აბუჩად აგდების და მუქარის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG