Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფლებამ დაიწყო პატიმრობაში დარჩენილი 400 თალიბის გათავისუფლების პროცესი


14 აგვისტოს ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიწყო პატიმრობაში მყოფი თალიბების ბოლო, 400-კაციანი ჯგუფის, გათავისუფლების პროცესი, რამაც გზა უნდა გაუხსნას სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს ქაბულსა და თალიბანს შორის.

ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაადასტურა, რომ 13 აგვისტოს საპატიმროები უკვე დატოვა 80-მა თალიბმა მებრძოლმა. ავღანეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საპატიმროებში დარჩენილი თალიბების გათავისუფლება ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტას მთელი ქვეყნის მასშტაბით და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

400 თალიბი პატიმრის განთავისუფლება 9 აგვისტოს გადაწყდა დიდ კრებაზე (ლოია ჯირგა), რომელიც ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ინიციატივით შეიკრიბა.

ღანიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გაათავისუფლოს თალიბი მებრძოლები, რომელთაგან ბევრი გასამართლებულია ავღანელებსა და უცხოელებზე სასიკვდილო თავდასხმებისთვის, გამოაცხადა მას შემდეგ, რაც თალიბების გათავისუფლების რეკომენდაცია გააკეთა 3400 ცნობილი ავღანელის დიდმა კრებამ, ლოია ჯირგამ, რომელიც სამი დღის განმავლობაში მუშაობდა ქაბულში.

თავმჯდომარემ, აბდულა აბდულამ, განაცხადა, რომ 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით გადაილახა უკანასკნელი წინაღობა ავღანეთის მთავრობასა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებისთვის შიდაავღანური სამშვიდობო პროცესის ფორმატში.

ქაბული და თალიბები აცხადებენ, რომ მზად არიან ამ დღეებში დაიწყონ მოლაპარაკება, კატარის დედაქალაქ დოჰაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG