Accessibility links

შსს: ბათუმის საკარანტინო სივრცის მე-4 სართულიდან კაცი გადმოხტა


ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში დღეს მე-4 სართულიდან 26 წლის კაცი გადახტა. იზოლაციის პირობებში მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

კაცი, რომელიც კარანტინში მოთავსებიდან რამდენიმე საათში გადახტა, ისევ უგონოდაა. იგი ბათუმის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

"მდგომარეობა მძიმეა, მრავლობითი მოტეხილობებით შემოიყვანეს დილის 4 საათზე, მართვით სუნთქვაზეა. ექიმების შეფასებით, მდგომარეობა არის მძიმე", - უთხრეს რადიო თავისუფლებას "ბაუ - საერთაშორისო ჰოსპიტალში".

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და შსს-ში არ აზუსტებენ, რა წინაპირობები უძღოდა ახალგაზრდა კაცის გადმოხტომას.

"[კაცი] ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.

იმის მიუხედავად, რომ განცხადებაში ახალგაზრდის "არაადეკვატურ" და "აგრესიულ" ქცევაზეა ყურადღება გამახვილებული, ვერც შსს-სა და ვერც ტურიზმის ადმინისტრაციაში ვერ ამბობენ, საჭირო იყო თუ დაზარალებულისთვის რაიმე დახმარება კარანტინში ყოფნისას.

შსს-ს ცნობით, 26 წლის ახალგაზრდა სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან შემოვიდა, რის შემდეგაც სავალდებულო კარანტინში, თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლებას საავადმყოფოში უთხრეს, რომ დაზარალებულის ოჯახის წევრები დღეს საღამოს მის თბილისში გადაყვანას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG