Accessibility links

"თუკი ლუკაშენკა ჩვენი მეგობრების ყველა შეთავაზებას უკუაგდებს, მაშინ ის აღმოჩნდება კრემლთან ერთი-ერთზე. ეს იქნება ყველაზე ცუდი სცენარი"


იაროსლავ რომანჩუკი, "მიზესის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი

რას მოასწავებს ბელარუსში მიმდინარე პროცესები? რა შესაძლებლობები აქვთ ლუკაშენკასა და ოპოზიციას? რა როლი შეიძლება ითამაშოს დასავლეთმა შექმნილ ვითარებაში? რა იქნებოდა გამოსავალი ვითარებიდან? რა საფრთხეებს ქმნის რუსეთი? - უამრავი კითხვა ტრიალებს დღეს ბელარუსის პროცესების პერსპექტივაზე.

იაროსლავ რომანჩუკი, "მიზესის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტია. 14 აგვისტოს მან მონაწილეობა მიიღო „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინშეხვედრაში, სადაც ბელარუსში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ილაპარაკა. ის თვლის, რომ ერთ-ერთ უპირველეს მყისიერ საფრთხეს დღეს წარმოადგენს რუსეთის ასიმეტრიული ჩარევა ბელარუსის შიდა პროცესებში.

რადიო თავისუფლებამ შეხვედრის შემდეგ ჩაწერა ინტერვიუ იაროსლავ რომანჩუკთან, რომელიც 2010 წელს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ის და მისი გუნდი არიან ავტორები არაერთი კანონპროექტისა, რომლებიც ბელარუსში რეფორმების გატარებას ითვალისწინებს და რომელთა კანონად ქცევის პოლიტიკური ნება ქვეყანაში დღემდე არ არსებულა. დღეს იაროსლავ რუმანჩუკი იმედიანად არის. თვლის, რომ ასეთი ვითარება და შესაძლებლობა ბელარუსში ცვლილებებისთვის არასდროს ყოფილა:

რადიო თავისუფლება: ინტერვიუს ჩაწერამდე მითხარით, რომ ახლახან დაბრუნდით ქუჩიდან. რა ვითარებაა, შეგიძლიათ აგვიწეროთ?

იაროსლავ რომანჩუკი: მინსკის ცენტრი გამოიყურება როგორც მშვიდობიანი, სიყვარულის, ღირსებისა და თავისუფლების რევოლუციის გაგრძელება. ათობით ათასი ადამიანი არის ქუჩებში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ასეთივე ვითარებაა ბელარუსის ბევრ, პატარა და დიდ ქალაქში. ადამიანებს აქვთ გამარჯვების განცდა. მე არ ვიჩქარებდი ამგვარი დასკვნის გაკეთებას, რადგან ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დაკავებული ადამიანების გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მზად არის მიიღოს ან გაითვალისწინოს მაინც დღის წესრიგი, რომელიც ხალხმა შესთავაზა ხელისუფლებას და რომლის შესრულებასაც მოითხოვს მისგან, კერძოდ: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას, სისასტიკის შეწყვეტას, რაც ნაწილობრივ შესრულდა, და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

როცა ლუკაშენკამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადეს, რომ ლუკაშენკას 80%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ზოგიერთმა პირმაც კი აღნიშნა, რომ ასეთი შედეგის გამოცხადება იყო დარტყმა თავად ლუკაშენკაზე

რადიო თავისუფლება: როცა ამბობთ „ხალხის დღის წესრიგი“, ვის გულისხმობთ „ხალხში“? რამდენად ორგანიზებულია ხალხი?

იაროსლავ რომანჩუკი: უპირველეს ყოვლისა, სვეტლანა ტიხანოუსკაიას, ქალბატონს, რომელმაც, არაერთი წყაროს თანახმად, გაიმარჯვა არჩევნებში. მისი პოპულარობის რეიტინგი და მისთვის მიცემული ხმების რაოდენობა დაახლოებით 60-70%-ია, რაც არ არის დადასტურებული, მაგრამ მან ცალსახად დაამარცხა ლუკაშენკა ამ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩვენ, რასაკვირველია, არ გვქონია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მაგრამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლით, რაც თავისუფალი და სამართლიანი იყო, ეფუძნებოდა ოქმებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

დღეს კი, როცა ლუკაშენკამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადეს, რომ ლუკაშენკას 80%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ზოგიერთმა პირმაც კი აღნიშნა, რომ ასეთი შედეგის გამოცხადება იყო დარტყმა თავად ლუკაშენკაზე. ასე რომ, ჩვენ ბელარუსის ხელისუფლების ჰომოგენურობის ეროზიის მოწმეები ვართ. ვხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ძალოვან სტრუქტურებში, ნომენკლატურაში, სახელმწიფო საწარმოებში მხარს უჭერენ ოპოზიციის დღის წესრიგს, რაც არის საკმაოდ მკაფიო: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სვეტლანა ტიხანოუსკაიას დღის წესრიგში სწორედ ეს მოთხოვნებია - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ყველა დაკავებულის გათავისუფლება ციხეებიდან.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ლუკაშენკას დამარცხებულად ვთვლით ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ვთვლით, რომ უნდა იყოს უმტკივნეულო გარდამავალი პროცესი, რომლის წარმართვის პრინციპებზეც უნდა შედგეს მოლაპარაკებები

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორები დააყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ ოფიციალურ შედეგებს? ვის შეუძლია ამის გაკეთება? რას შეუძლია ამის გამოწვევა? შედეგები გამოცხადებულია.

იაროსლავ რომანჩუკი: უპირველეს ყოვლისა, ხმების გადათვლას და მათ შედარებას საარჩევნო უბნების ოქმებთან, ხალხის გამოკითხვას. ჩვენ გვქონდა, მაგალითად, ვიდეოები სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოდან: ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნიდან, საავტომობილო ქარხნიდან, ტრაქტორების ქარხნიდან, სასუქების ქარხნიდან, ქიმიური ქარხნიდან. მათ ჰკითხეს - ვინ მისცა ხმა ტიხანოუსკაიას, ყველამ აწია ხელი და წამოდგა ფეხზე. შეკითხვას - ვინ მისცა ხმა ლუკაშენკას?, - არავინ გამოხმაურებია. მესმის, რომ ეს არ არის ლეგიტიმური დასკვნის გაკეთების საფუძველი და ამიტომაც ვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ლუკაშენკას დამარცხებულად ვთვლით ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ვთვლით, რომ უნდა იყოს უმტკივნეულო გარდამავალი პროცესი, რომლის წარმართვის პრინციპებზეც უნდა შედგეს მოლაპარაკებები მრგვალ მაგიდასთან და არა ისე, რომ ლუკაშენკა გამარჯვებულის პოზიციიდან ხალხისთვის წყალობას იღებდეს. ჩვენ არ გვჭირდება წყალობა. ჩვენ გვჭირდება სამართალი, კანონის უზენაესობა და გვჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ძალიან მარტივია!

შუამავალი შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისი და ლუკაშენკას შეფასებით, არის ლუკაშენკას ახლო მეგობარი

რადიო თავისუფლება: თქვენ ლაპარაკობთ დისკუსიაზე, დიალოგზე, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? ვინ არის შემძლე არჩევნების შედეგების გასწორების, თქვენ მიერ აღწერილი ვითარების გასწორების?

იაროსლავ რომანჩუკი: არ ვიცით, ვის შეუძლია ლუკაშენკაზე პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა. ვიცით, რომ ჩინეთმა და რუსეთმა, პუტინმა ცნეს არჩევნების შედეგები. გვესმის, რომ რუსეთს შეიძლება ჰქონდეს და აქვს კიდეც სახიფათო გვერდითი თამაში, რომლის დეტალებიც არ ვიცით. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, საქართველო, უკრაინა დაინტერესებული არიან, ბელარუსი იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი ქვეყანა.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია გარკვევა, ვინ შეიძლება იყოს ლუკაშენკას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სვეტლანა ტიხანოუსკაიას გუნდს შორის დიალოგის შუამავალი, ხელშემწყობი. ასეთი შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისი და ლუკაშენკას შეფასებით, არის ლუკაშენკას ახლო მეგობარი. მას შეუძლია ჩვენი დახმარება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში. ჩვენ არ გვინდა სისხლისღვრა, რაც უკვე სახეზეა, არ გვინდა რუსეთის შუამავლობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სუვერენიტეტის დაკარგვამდე. ნამდვილად გვჭირდება ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა. ლიეტუვის პრეზიდენტმა გამოგზავნა თავისი წინადადება. დარწმუნებული ვარ, უკრაინაც ძალიან დაინტერესებული იქნება ამით. და, რა თქმა უნდა, საქართველო. ჩვენ მეგობრები გვყავს მთელ მსოფლიოში, რომლებსაც შეუძლიათ ლუკაშენკასთან დალაპარაკება და მისთვის კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზის შეთავაზება.

თუკი ლუკაშენკა უარს ეტყვის ყველას და ჩვენი მეგობრების ყველა შეთავაზებას უკუაგდებს, მაშინ ის აღმოჩნდება კრემლთან ერთი-ერთზე. ეს იქნება ყველაზე ცუდი სცენარი ჩვენთვის.

ადამიანებს მხოლოდ ერთი პუნქტი აქვთ დღის წესრიგში: ლუკაშენკა უნდა წავიდეს! ჩვენ ის ყელში ამოგვივიდა და მოგვბეზრდა! ის აღარ არის ჩვენი პრეზიდენტი! მან მოიპარა ჩვენი არჩევნები!

რადიო თავისუფლება: არის თუ არა ეს ყველაზე ცუდი სცენარი მისთვის?

იაროსლავ რომანჩუკი: ასეთ შემთხვევაში ის ცალსახად წააგებს პოლიტიკურად, მას დაგმობს ყველა ბელარუსელი და ის დაკარგავს ისტორიულ შანსს, ააშენოს თავისუფალი, სამართლიანი და სუვერენული ბელარუსი.

მას ბევრჯერ განუცხადებია, რომ ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე შეუერთდეს რუსეთს და ნებით ჩააბაროს კრემლს ქვეყნის დამოუკიდებლობა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კონკრეტულ საკითხში ის გულწრფელი იყო. თუმცა, ახლა, როცა ის პოლიტიკური კონკურენციის პირობებში აღმოჩნდა, მან შეიძლება შეიცვალოს აზრი, არ ვიცი.

რადიო თავისუფლება: სწორედ ამის გაგებას ვცდილობ - რა შეიძლება იყოს მიზეზი, რაც მას აზრს შეაცვლევინებს? რა ვითარებაა ახლა ბელარუსში?.. ცოტა ხნის წინ გამართულ „ზუმის“ შეხვედრაზე ერთ-ერთ მყისიერ საფრთხედ დაასახელეთ რუსეთის ასიმეტრიული ჩარევა ბელარუსის პროცესებში. აქვს თუ არა რუსეთს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ბელარუსის საზოგადოებაში? რა სახის მხარდაჭერა აქვს მას? თქვენ ბრძანეთ, რომ ბელარუსელების უმრავლესობას არ მოსწონს, რაც ახლა ხდება ქვეყანაში და არიან ლუკაშენკას წინააღმდეგი. რას ეფუძნება თქვენი აღქმა?

იაროსლავ რომანჩუკი: ეს საყოველთაო აღქმაა, იქნება ეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა, თუ ადამიანებთან ჩაღრმავებული ინტერვიუები. არის არაერთი ინტერნეტგამოკითხვა და რაც გნებავთ. ადამიანებს მხოლოდ ერთი პუნქტი აქვთ დღის წესრიგში: ლუკაშენკა უნდა წავიდეს! ჩვენ ის ყელში ამოგვივიდა და მოგვბეზრდა! ის აღარ არის ჩვენი პრეზიდენტი! მან მოიპარა ჩვენი არჩევნები! 10 და თუნდაც 5 წლის წინ ეს აზრი ასე საყოველთაოდ არ გაისმოდა, მაგრამ როცა მან თავისი საარჩევნო კომისიისა და გაყალბების სქემის გამოყენებით, საკუთარ თავს მიანიჭა 80%-ზე მეტი მხარდაჭერა, ეს გადამეტებული აღმოჩნდა შემწყნარებელი ბელარუსელებისთვისაც კი.

2010 წელს სააკაშვილი მხარს უჭერდა მას. ის დაეხმარა ლუკაშენკას, დიალოგი წამოეწყო და წარემართა ევროკავშირსა და აშშ-სთან

ასე რომ, ეს აღქმა ეფუძნება მრავალგვარ დაკვირვებას: პოლიტიკურ სტრუქტურებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მეცნიერებზე მთელ მსოფლიოში. ნომენკლატურის წარმომადგენლებიც კი ამბობენ: კარგი, 53% რომ მიეკუთვნებინა თავისი თავისთვის, კიდევ ვიორჭოფებდით, მაგრამ 80% ჩვენი შეფასებითაც კი ზედმეტიაო. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა: სისხლისღვრა იყო მინსკში, სისხლისღვრა იყო გომელში, ბევრი ადამიანი გამქრალია და ჯერ კიდევ არ გამოაშკარავებულა სრული სიმართლე. მოვითხოვთ იმ ადამიანებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომლებმაც ეს ტრაგიკული სცენარი განახორციელეს. ვიცი, რომ შს მინისტრი, შს მოადგილე, პრემიერ-მინისტრი არაადეკვატურები არიან. ისინი ვერ ხედავენ იმ სისასტიკეს, დაუნდობლობას ბელარუსის ციხეებსა და წინასწარი დაკავების ცენტრებში. ჰოდა, უნდა წავიდნენ თანამდებობებიდან.

რადიო თავისუფლება: მაგრამ, ვინ ადარდებთ მათ? ვისი აზრი ადარდებს ლუკაშენკას? თქვენ ჩამოთვალეთ სხვადასხვა საზოგადოება, პირი, ვინც გნებავთ, მაგრამ ადარდებს ისინი ლუკაშენკას?

იაროსლავ რომანჩუკი: ძალიან, ძალიან სწორს ამბობთ. ჩვენ არ ვიცით, ვინ ადარდებს მას. მას ადარდებს საკუთარი ძალაუფლება, ალბათ საკუთარი ოჯახი. არ ვიცი, რომელი ხელისუფლება, როგორი ადამიანი ან მორალი ადარდებს მას. შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იყოს ასეთი.

რადიო თავისუფლება: რატომ, რატომ გგონიათ, რომ მას აინტერესებს სააკაშვილის მოსაზრებები?

ის არის ცბიერი, ცინიკოსი პოლიტიკოსი. მას ესმის, რაც ხდება. ის აფასებს, რაც ხდება. ძალადობა და სისასტიკე იმიტომ არ შეწყდა, რომ ის გულკეთილი გახდა ან სიმართლე უთხრეს

იაროსლავ რომანჩუკი: იმიტომ, რომ 2010 წელს სააკაშვილი მხარს უჭერდა მას. ის დაეხმარა ლუკაშენკას, დიალოგი წამოეწყო და წარემართა ევროკავშირსა და აშშ-სთან.

რადიო თავისუფლება: განსხვავებული ვითარება იყო.

იაროსლავ რომანჩუკი: მას აქვს ურთიერთობების ისტორია სააკაშვილთან. ცოტა ადამიანია მსოფლიოში ასეთი. მნიშვნელობა არ აქვს, რა ვითარებაა და რა დამოკიდებულება გაქვთ სააკაშვილის მიმართ საქართველოში, მაგრამ...

რადიო თავისუფლება: გეტყვით დამოკიდებულებაზეც, მაგრამ მინდა, გკითხოთ: ფიქრობთ, რომ ლუკაშენკას არასაკმარისი ძალაუფლება და ძალა აქვს იმისთვის, რომ ჩაახშოს ბელარუსში მიმდინარე პროცესები? დიახ, მისი, სახელმწიფო უწყებების სისასტიკე შესუსტდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მაგრამ თვლით, რომ არასაკმარისი ძალაუფლება აქვს, რომ ეს განაგრძოს და შეინარჩუნოს პრეზიდენტობა?

იაროსლავ რომანჩუკი: ის არის ცბიერი, ცინიკოსი პოლიტიკოსი. მას ესმის, რაც ხდება. ის აფასებს, რაც ხდება. ძალადობა და სისასტიკე იმიტომ არ შეწყდა, რომ ის გულკეთილი გახდა ან სიმართლე უთხრეს. მიზეზი მარტივია - მას არ აქვს საკმარისი ძალაუფლება სისხლისღვრის გასაგრძელებლად, რადგან ბელარუსის ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო ოპოზიციას მხარს უჭერენ მუშები. ისინი მასობრივად შეუერთდნენ პროტესტს და მათ დღის წესრიგში არ არის ძეხვის დამატებითი ნაჭრის, საგადასახადო შეღავათის ან სესხის მიღება, არამედ მათი მოთხოვნა ძალიან მარტივია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და სისასტიკის შეწყვეტა.

ლუკაშენკა გაიზიარებს არა იმ ადამიანის ბედს, რომელსაც საშუალება ექნება დათანხმდეს თანამდებობის და ქვეყნის დატოვების პირობებს, არამედ ჩაუშესკუს ბედს

როცა მუშებმა დაინახეს, როგორ ეპყრობოდა პოლიცია ბელარუსელებს - მათ დებსა და ძმებს, მათ თქვეს - როგორ, ჩვენი გადასახადები მიდის ამ ფაშისტური მოპყრობის დასაფინანსებლად?! ეს არ სჭირდება ბელარუსს! ლუკაშენკა იაზრებს, რომ მას არ შეუძლია ამ პროტესტის - ბოთლიდან ამოშვებული ჯინის უკან ჩაბრუნება.

რადიო თავისუფლება: ახლა საკითხი ასე დგას: ვინ უფრო შორს წავა - ლუკაშენკა თუ საზოგადოება? ასეა საქმე, როგორც მესმის. თქვენ ახსენეთ სიტყვა „რევოლუციური“. თვლით, რომ მიმდინარე პროცესები შეუქცევადია?

იაროსლავ რომანჩუკი: სამწუხაროდ, ამ ცხოვრებაში შეუქცევადი არაფერია. ხელისუფლება მიხვდა, რომ მან წააგო ქუჩა, დაკარგა ახალგაზრდების, მუშების მხარდაჭერა. ასე რომ, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ერთიანობის დარღვევას დიალოგის პროცესით. მას სურს დღის წესრიგის ფორმირება, მისი იმიტაცია - რომ, აი, გამოვიძიოთ რაც მოხდა. ბევრი გზა არსებობს ხალხისა და სვეტლანა ტიხანოუსკაიას დღის წესრიგის ყალბი დღის წესრიგით ჩანაცვლების.

ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ვითარება იცვლება ყოველდღე. ბელარუსის ყველა ქალაქში სამდღიანი მშვიდობიანი პროტესტი უპრეცედენტო, უნიკალური მოვლენაა

ხელისუფლება შორს არის სისუსტისგან. ეს არ არის 1991 წელი, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა სახელმწიფოს სისუსტის გამო. ჩვენ ახლა ასეთი ვითარება არ გვაქვს. ის არ ჰგავს უკრაინისას. ლუკაშენკა კვლავაც ფლობს დიდ ძალაუფლებას, მაგრამ სისხლისღვრისა და ზეწოლის სასტიკი ზომების გამოყენების გამო ის მიიღებს გაცილებით ძლიერ პასუხს საზოგადოებისა და ხალხისგან და ასეთ შემთხვევაში იქნება მეტი ძალადობა. ლუკაშენკა გაიზიარებს არა იმ ადამიანის ბედს, რომელსაც საშუალება ექნება დათანხმდეს თანამდებობის და ქვეყნის დატოვების პირობებს, არამედ ჩაუშესკუს ბედს. ხალხი ამ ვერსიასაც განიხილავს, თუკი ის გააგრძელებს სისხლისღვრასა და სისასტიკეს.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ ეს მომენტი ახლოვდება?

იაროსლავ რომანჩუკი: ყველაზე ახლოს არის, ბელარუსის ისტორიაში. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ვითარება იცვლება ყოველდღე. ბელარუსის ყველა ქალაქში სამდღიანი მშვიდობიანი პროტესტი უპრეცედენტო, უნიკალური მოვლენაა. მსგავსი არაფერი გამოგვიცდია, როცა ადამიანები ხალისითა და სიცილით სავსენი ერთმანეთს ულოცავენ, ამბობენ, რომ ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი. მათ იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებას აღმოაჩნდება საკმარისი საღი აზრი და პასუხისმგებლობა, რომ კვლავ არ გამოიყენოს ძალა ადამიანების წინააღმდეგ, გამოიძიოს მომხდარი, წამოიწყოს დემოკრატიზაციის მნიშვნელოვანი პროცესი და ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია.

რადიო თავისუფლება: ძალიან კარგად მესმის ეგ მიდგომა და ემოცია, მაგრამ კიდევ რაღაც არის საჭირო ცვლილებებისთვის. როგორ შეაფასებდით ბელარუსის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მზაობას ფართომასშტაბიანი ცვლილებებისთვის? თვლით თუ არა სარგებლის მომტანად ლუკაშენკას შეცვლას ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი შედეგით - მხოლოდ იმიტომ, რომ ის აღარ იყოს სათავეში? ეს არის მიზანი?

ბელარუსი დღეს ბევრად უფრო მზად არის ცვლილებისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა, საქართველოსა და უკრაინის ჩათვლით

იაროსლავ რომანჩუკი: ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი აზრიანი არჩევანი და დღის წესრიგის ერთადერთი პუნქტი. ვთვლი, რომ ამ კამპანიის დროს ლუკაშენკამ ბევრჯერ განაცხადა, რომ აპირებს საბჭოთა სტილში გაგრძელებას, გეგმური ეკონომიკის შენარჩუნებას, ყველა რესურსზე კონტროლის შენარჩუნებას და ის ვერ ხედავს ამ მოდელში პრობლემას. მისთვის უცხოა დემოკრატია და თავისუფალი ეკონომიკა, მისთვის უცხოა მეწარმეობა...

რადიო თავისუფლება: დიახ, მაგრამ ვიცით თუ არა, რა ნაწილია საზოგადოების, რომელიც მას თვლის სტაბილურობის გარანტად ბელარუსში?

იაროსლავ რომანჩუკი: ჩვენ რომ არჩევნების შედეგები გვქონდეს... ძალიან მწვავე ვითარებაშიც კი, ბელარუსელებმა მკაფიოდ განაცხადეს: ჩვენ გვინდა ცვლილება! ჩვენ არ გვინდა ლუკაშენკა! და თუკი ასეთი 70%-ია... დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დემოკრატიული არჩევნების პირობებში, ყველასთვის მკაფიო, გამჭვირვალე და თანაბარი შესაძლებლობებით, ლუკაშენკა მიიღებდა 3%-ს. ეს არის მისი ზღურბლი. ამაზე მეტის მიღებას ის ვერ შეძლებდა ვითარებაში, როცა ხალხს ეცოდინებოდა სრული სიმართლე იმაზე, თუ როგორ მართავდა ის ქვეყანას 26 წლის განმავლობაში.

რადიო თავისუფლება: შეიძლება ვცდები, მაგრამ ამის მისაღწევად შეიძლება არ იყოს საკმარისი მზაობა ან პოტენციალი საკუთრივ ბელარუსში. საჭიროა ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო მხარდაჭერა. გრძნობთ თუ არა ამ მხარდაჭერას სხვადასხვა მთავრობის, ქვეყნისა და ორგანიზაციის კრიტიკული განცხადებების მიღმა? არის თუ არა ვინმე მზად, მაგალითად, შუამავლობისთვის?

იაროსლავ რომანჩუკი: ლიეტუვის პრეზიდენტმა გაუგზავნა ბელარუსის ხელისუფლებას შეთავაზება - რა უნდა გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირს ექნება ძლიერი სურვილი, იყოს შუამავალი.

რადიო თავისუფლება: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ დღეს საკითხზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მხარს ვუჭერთ მშვიდობას, თანამშრომლობას ყოველგვარი იმპერიალისტური ტენდენციებისა და ჰიბრიდული ომების გარეშე, რომელსაც ჩვენი აღმოსავლელი მეზობელი აწარმოებს

იაროსლავ რომანჩუკი: ნამდვილად ასეა.

ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს გარშემო. რაც შეეხება მზაობას, ერთს გეტყვით: ბელარუსი დღეს ბევრად უფრო მზად არის ცვლილებისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა, საქართველოსა და უკრაინის ჩათვლით, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში მე და ჩემი კოლეგები ვმუშაობდით კანონპროექტებზე, საკანონმდებლო წინადადებებზე ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად. ჩვენ ვიცით, რა შეცდომები და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან საფინანსო პოლიტიკაში, საგადასახადო, სავალუტო პოლიტიკაში, პრივატიზაციაში. ჩვენ გვაქვს გამზადებული კანონპროექტი.

ასე რომ, პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს და ხელისუფლებას ჰქონდეს საკმარისი ლეგიტიმაცია რეფორმების დასაწყებად, ერთ-ორ წელიწადში ბელარუსს ვერ იცნობდით. ჩვენ ყველა გაგვახარა „ქართულმა სასწაულმა“ 2000-იანებში და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, უდავოა, იქნება შესაძლებლობა „ბელარუსის სასწაულის“ განსახორციელებლადაც.

რადიო თავისუფლება: კვლავ საქართველო ახსენეთ და მე მივუბრუნდები ქართველების დამოკიდებულებას ლუკაშენკას მიმართ: საზოგადოების ერთ ნაწილს, ვერ ვიტყვი ზუსტად რა ნაწილს, რადგან არანაირი გამოკვლევა არ არსებობს ამაზე, ამბობს და თვითონაც ხშირად მომისმენია, მოსწონს ლუკაშენკა, რადგან მან არ აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. მინდა გკითხოთ, რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომლებიც ბელარუსში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან საქართველოდან, ლუკაშენკასა და მის პოლიტიკაზე?

იაროსლავ რომანჩუკი: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ქართველებო, მიყვარხართ! ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში და ბევრი მეგობარი მყავს. მთელი გულით გიჭერთ მხარს იმაში, რასაც თქვენი ქვეყნისთვის აკეთებთ.

ჩვენ ნამდვილად ეჭვის თვალით ვუყურებთ ზოგიერთ ოპოზიციონერს, რომელსაც არ შეუძლია განსაზღვროს საკუთარი დამოკიდებულება რუსეთის, საქართველოს, უკრაინის მიმართ

დამიჯერეთ, არ ვიცნობ ბელარუსში არც ერთ მნიშვნელოვან, პასუხისმგებლიან, გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც სხვაგვარი პოზიცია ექნებოდა. ლუკაშენკა ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც ერთადერთმა, ვინც არ აღიარებს აფხაზეთსა და ოსეთს, რომელიც არ აღიარებს ყირიმის ვითარებას, მაგრამ ყველა ბელარუსელი მსგავს აზრზეა. ეს რუსებისთვისაც გაუგებარია. არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური, ორგანიზებული ძალა ქვეყანაში, რომელიც შეცვლიდა ოფიციალური მინსკის ამ მიდგომას, ლუკაშენკას არყოფნის პირობებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მხარს ვუჭერთ მშვიდობას, თანამშრომლობას ყოველგვარი იმპერიალისტური ტენდენციებისა და ჰიბრიდული ომების გარეშე, რომელსაც ჩვენი აღმოსავლელი მეზობელი აწარმოებს.

რადიო თავისუფლება: ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს პროცესების იმგვარად წარმართვას, რომ ლუკაშენკა შეიცვლება, მაგრამ ისეთი ადამიანით, ვინც რუსეთს კარგად, უკეთესად მოემსახურება?

იაროსლავ რომანჩუკი: ჩვენ ნამდვილად ეჭვის თვალით ვუყურებთ ზოგიერთ ოპოზიციონერს, რომელსაც არ შეუძლია განსაზღვროს საკუთარი დამოკიდებულება რუსეთის, საქართველოს, უკრაინის მიმართ. ჩვენ მათ არასდროს დავუჭერთ მხარს, არასდროს!

არ გვჭირდება ზესახელმწიფოებრივი უწყებები, არ გვჭირდება მოკავშირული სახელმწიფო, არ გვჭირდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რომელიც ფარსად და ორივე ქვეყნის ნომენკლატურისა და ძალოვანი სტრუქტურების კომერციული ინტერესების სახურავად იქცა

იმის შემხედვარე, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოსა და უკრაინაში - ამდენი ჯაშუში, გავლენის აგენტები, ორგანიზაციები, მედია, შემიძლია წარმოვიდგინო, რამდენად მეტი ჯაშუში და გავლენის აგენტი ჰყავს რუსეთს ბელარუსში: ყველა ძალოვანი სტრუქტურის ბოსი გაწვრთნილია რუსეთში. არის კომერციული საქმიანობა, იქნება ეს „გაზპრომი“, ნავთობის ბიზნესი, მთელი კომერციული კავშირები, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ასეა. ჩვენ ძალიან-ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენი დღის წესრიგის შედგენაში რუსეთთან.

2003 წელს ჩემმა ცენტრმა და კოლეგებმა მოვამზადეთ პროექტი იმისა, თუ როგორ უნდა დაემყარებინა ბელარუსს თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული კავშირები რუსეთთან. ეს ითვალისწინებდა პროდუქციისა და სერვისების, კაპიტალისა და ხალხის მოძრაობის თავისუფლებას. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო გზა. არ გვჭირდება ზესახელმწიფოებრივი უწყებები, არ გვჭირდება მოკავშირული სახელმწიფო, არ გვჭირდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რომელიც ფარსად და ორივე ქვეყნის ნომენკლატურისა და ძალოვანი სტრუქტურების კომერციული ინტერესების სახურავად იქცა. ჩვენ მზად ვართ დავაფუძნოთ ჩვენი ურთიერთობები ცივილიზებულ პრინციპებზე და არის ძალიან მკაფიო „წითელი ხაზი“ - არ ვეხებით ბელარუსის დამოუკიდებლობას!

რადიო თავისუფლება: დღევანდელ შეხვედრაზე თქვით, რომ ტიხანოუსკაია აწამეს ისევე, როგორც თქვენ 2010-ში, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყავით. კონკრეტულად რა იგულისხმეთ სიტყვა „წამება“-ში?

იაროსლავ რომანჩუკი: თუ იცით უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანი“ - როცა გთავაზობენ არჩევანს, რომელსაც სიგიჟემდე მიყავხარ, რომელიც ჩაკლავს შენს სულს, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიყავხარ. არჩევანს კი ასეთს გთავაზობენ: თუ რამეს იტყვი ან გააკეთებ, შენი ახლო ნათესავი, მეგობარი ან თანამემამულე მოკვდება. ეს არის არჩევანი, რომელიც გაქვს. როცა მსგავსი ფსიქოლოგიური ზეწოლის და წამების ქვეშ ხარ მრავალი საათის განმავლობაში და მოუმზადებელი ხარ ასეთი მოპყრობისთვის, საუკეთესო გამოსავლად გრჩება გააკეთო განცხადება და სცადო შენი ახლობლების გადარჩენა.

თუკი ხედავ წამებას, თუკი ხედავ უსამართლობას, თუ ხედავ ასეთი მასშტაბის გაყალბებას, უნდა აირჩიო რომელ მხარეს დადგე

ტიხანოუსკაიამაც და მეც ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ უდიდესი ზეწოლის ქვეშ. ასეთი მოპყრობა არის წამების მტკიცებულება.

რადიო თავისუფლება: სამწუხაროდ, უნდა დავასრულოთ ეს ინტერვიუ. მინდა გკითხოთ: რას ეტყოდით დასავლეთს? რამდენად სწრაფები უნდა იყვნენ თავიან რეაგირებაში, თავიანთ მოქმედებაში? აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსენა კონკრეული სახის სანქციები. რა იქნება თქვენი გზავნილი დასავლეთისთვის?

იაროსლავ რომანჩუკი: ბელარუსს არ გააჩნია ნავთობი, არ გააჩნია ოქრო, ბირთვული იარაღი. ასე რომ, დასავლეთს, ვგულისხმობ ევროკავშირსა და აშშ-ს, შეუძლია იყოს ის, ვინც ეფუძნება ფასეულობებს. ფასეულობებს დაფუძნებული პოლიტიკა ძალიან „იშვიათი ცხოველია“ დღეს. ბელარუსის შემთხვევაში, ლუკაშენკამ გააცურა დასავლეთი მინსკის დიალოგის ფორმატით, რომელმაც სასტიკი მარცხი განიცადა, ეუთოს დაპირებების შესრულების კუთხით. დასავლეთის პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაფიო: მან მხარი უნდა დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების, ბელარუსის ხალხის და სვეტლანა ტიხანოუსკაიას დღის წესრიგს: ყველა დაკავებულის გათავისუფლებას, ჩადენილი სისასტიკისა და წამების გამოძიებას, შინაარსიანი დიალოგის წარმართვას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. სულ ეს არის!

ამის გარეშე არ აღიაროს ლუკაშენკას არალეგიტიმური პრეზიდენტობა 9 სექტემბრის შემდეგ, ეს არის აღიარების ბოლო ვადა და გააკეთოს ყველაფერი ყველაზე მტკივნეული სანქციების შემოღებისთვის რეჟიმის ავტორებისა და მონაწილეებისთვის.

რადიო თავისუფლება: ასე რომ, ძალიან დატვირთული და გამოწვევებით სავსე რამდენიმე კვირაა წინ.

იაროსლავ რომანჩუკი: ნამდვილად. ყველას მოვუწოდებ, თვალყური ადევნონ ბელარუსს.

რადიო თავისუფლება: გვარიანი გამოცდაა ბელარუსისაც და დასავლეთისაც.

იაროსლავ რომანჩუკი: ნამდვილად. როგორც ვთქვი, ძალიან იოლია ბელარუსის საკითხზე დღეს დაეფუძნო ფასეულობებს, რადგან პროცესი ყველა პარტიას მოიცავს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ: თუკი ხედავ წამებას, თუკი ხედავ უსამართლობას, თუ ხედავ ასეთი მასშტაბის გაყალბებას, უნდა აირჩიო რომელ მხარეს დადგე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG