Accessibility links

შსს: ფ.ჯ. სასტუმროს მე-4 სართულიდან მოულოდნელად გადახტა


შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება ბათუმის საკარანტინო სივრცეში განთავსებული პირის (ფ.ჯ.) მე-4 სართულიდან გადახტომის ფაქტთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, გამოკითხულია 10-მდე პირი, ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. და დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

გამოძიების ცნობით:

  • 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. 14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, თავის მეგობართან ერთად (შ.თ.) იმყოფებოდა - სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით;
  • „გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად“;
  • „კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები“.
  • „გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას“.
  • „წესრიგის დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციისა და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას;
  • სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, „სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე
დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა“.

ამ დროისთვის, დაშავებული ბათუმიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ის მართვით სუნთქვაზეა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნონა ეფაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აღნიშნული პირი კარანტინის გავლის მიზნით სასტუმროში 14 აგვისტოს, საღამოს 8 საათისთვის განთავსდა.

„ის ჩვეულებრივად დაბინავდა საკარანტინო სივრცეში, სხვა პირთან ერთად. მანამდე რაიმე სახის პრობლემა არ განსაზღვრულა... თუმცა შემდეგ თვითნებურად დატოვა საკარანტინო ოთახი და როგორც სასტუმროს პერსონალი აღნიშნავს, ეს პირი გადახტა მე-4 სართულიდან შიდა სივრცეში“, - განაცხადა ეფაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG