Accessibility links

ბელარუსში 16 აგვისტოს თავისუფლების ეროვნულ მსვლელობას მართავენ


მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში 16 აგვისტოს მოელიან, რომ გაიმართება მასობრივი მსვლელობები, რომელთა ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლა იქნება ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კვლავ არჩევის წინააღმდეგ, ავტორიტარულ მმართველზე ზეწოლის ზრდის ფონზე.

თავისუფლების ეროვნული მსვლელობა იმართება რამდენიმე საათში მას მერე, რაც ლუკაშენკას მომხრეებმა მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე დემონსტრაცია გამართეს, რომელზეც, გავრცელებული ცნობით, სხვადასხვა რეგიონიდან ავტობუსებით და მატარებლით ჩაიყვანეს ხალხი.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ფირმების თანამშრომლებს სამსახურიდან დაითხოვენ, თუ ისინი სამუშაოზე არ გამოცხადდებიან.

ლუკაშენკა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოაცხადეს, როცა მისმა მეტოქემ, ოპოზიციის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მთელ ბელარუსში დიდი რაოდენობის მომხრეების შეკრებას მიაღწია.

დასავლეთის მიერ ლუკაშენკას 26-წლიანი მმართველობის მანძილზე ჩატარებული არც ერთი კენჭისყრა არ შეფასებულა როგორც სამართლიანი და თავისუფალი.

ციხანოუსკაიამ, რომელმაც ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში იმყოფება, მოუწოდა მომხრეებს მშვიდობიანი გამოსვლებისკენ 15 და 16 აგვისტოს.

ლუკაშენკა ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 15 აგვისტოს და მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის მმართველმა მას ყოველმხრივ დახმარება აღუთქვა, რათა ბელარუსის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG