Accessibility links

ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში აშშ ირანის წინააღმდეგ გაეროს ადრინდელი სანქციების კვლავ ამოქმედებას შეეცდება


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეეცდება ირანის წინააღმდეგ გაეროს ადრინდელი სანქციების კვლავ ამოქმედებას მომავალ კვირაში. ამ ნაბიჯმა შეიძლება ბოლო მოუღოს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას და გაეროში დიპლომატიური კრიზისი გამოიწვიოს.

15 აგვისტოს, ერთ დღეში მას მერე, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა ვაშინგტონის რეზოლუციას ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გახანგრძლივებაზე, ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ სანქციების კვლავ ამოქმედებას შეეცდებოდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, შეუერთდება თუ არა სამიტს რუსეთის წინადადებით ირანის გარშემო ვითარების განმუხტვის შესახებ, რაზეც მან განაცხადა, "ალბათ, არაო".

ვაშინგტონი დაიმუქრა, რომ შეეცდებოდა კვლავ აემოქმედებინა ირანისთვის ადრე გაეროს მიერ დაწესებული ყველა სანქცია იმ მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ჩაწერილია გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 2231-ე რეზოლუციაში, რასაც დაეფუძნა ბირთვული შეთანხმება ირანთან.

რუსეთი და ჩინეთი, ასევე ევროპის სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას სახელწოდებით, „მოქმედების ერთობლივი საერთო გეგმა“ (JCPOA), კითხვის ქვეშ აყენებენ აშშ-ის უფლებას, გამოიყენოს ირანის ძველი სანქციების კვლავ ამოქმედების მექანიზმი, რომელიც 2231-ე რეზოლუციით არის გათვალისწინებული, რადგან აშშ 2018 წელს JCPOA-ს გამოეთიშა.

აშშ ამტკიცებს, რომ ის კვლავ რჩება 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილედ, რადგან ამ სტატუსით შეყვანილია 2015 წლის რეზოლუციაში და შეუძლია სანქციების კვლავ ამოქმედება მოითხოვოს.

აშშ-მა 14 აგვისტოს წაგო კენჭისყრა თავისი ინიციატივით შეტანილი რეზოლუციის გარშემო, რომელიც შეეხებოდა ირანის წინააღმდეგ მოქმედი იარაღის ემბარგოს ვადის გახანგრძლივებას, რომელიც წელს ოქტომბრის თვეში იწურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG