Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ქობულეთში არაფერია საპანიკო, ზაფხულის სეზონს არ ემუქრება არავითარი საშიშროება


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქობულეთში, სადაც ბუნგალო "ჰავანის" 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, საპანიკო არაფერია.

„ვფიქრობთ, რომ იქ პროცესი მალე ჩაქრება და ზაფხულის სეზონს არ ემუქრება არავითარი საშიშროება“, - უთხრა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისი თქმით, ქობულეთში გამოკვლეულია დაახლოებით 91 ადამიანი, 54 კარანტინსა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, თავად კაფე-ბარში კი გამკაცრებულია რეგულაციები.

რაც შეეხება მესტიისა და ყაზბეგის წითელ ზონებს, ამირან გამყრელიძის თქმით, იქ ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც იგი აღნიშნავს, 16 აგვისტოს მონაცემებით, მესტიის კლასტერთან სულ 47 შემთხვევაა დაკავშირებული და მათი უმრავლესობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმით მიმდინარეობს.

„მთლიანად მესტიაში 3 367 ნიმუშია აღებული და გამოკვლეული, ამას ემატება კიდევ დაახლოებით 1009 ნიმუში, რომლებიც მესტიაში ნამყოფმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადამიანებმა მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, 380-მდე ნიმუშია აღებული, თავის მხრივ, ყაზბეგში, სადაც სულ დადასტურებულია კორონავირუსის 14 შემთხვევა, რომელთაგან 4 სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 15-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1336 შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1088-ია, გარდაცვლილია 17 ადამიანი.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, 16 აგვისტოს დილისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 249.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG