Accessibility links

გორის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ალექსანდრ ლუკაშენკას სოლიდარობა გამოუცხადა


იოსებ მუმლაძე საარჩევნო კამპანიისას

გორის საკრებულოს წევრმა, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა იოსებ მუმლაძემ Facebook-ის პირად გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას, მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა.

მუმლაძე მმართველი გუნდიდან ერთადერთია, რომელმაც ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსირა. მუმლაძის ლუკაშენკასადმი სოლიდარობამ დისკუსია გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის. მას განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკრიტიკებენ. მართალია, იოსებ მუმლაძემ პოსტი მალევე წაშალა, მაგრამ სკრინშოტის გადაღება ბევრმა მოასწრო და სოციალურ ქსელში მისი ლუკაშენკასადმი სოლიდარობა უკვე ვირუსულად ვრცელდება.

საკრებულოს თანამდებობის პირები მუმლაძის ქმედებაზე კომენტარს არ აკეთებენ. მხოლოდ გორის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მიხეილ გოგინაშვილმა, განაცხადა, რომ პოსტი არ წაუკითხავს.

„არ წამიკითხავს და ვერაფერს გეტყვით. როცა გავეცნობი, მაშინ დავაფიქსირებ პოზიციას. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პოზიცია, ეს მისი პოსტია“, - განუცხადა მიხეილ გოგინაშვილმა საკრებულოში დღეს მისულ ჟურნალისტებს. თავად იოსებ მუმლაძე ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და დილიდან არც სამსახურში გამოჩენილა.

ოპოზიციაში არ უკვირთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან ასეთი სახის განცხადებები და ხშირად იხსენებენ გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოდან ცხინვალის დაბომბვის შესახებ.

„შიდა ქართლში საჯარო მოხელეები ხშირად გამოირჩევიან პრორუსული განცხადებებით. გორის მუნიციპალიტეტის უთავმოყვარეო მერი, კოტე თავზარაშვილი, 2008 წელს ომის დაწყებას ქართულ მხარეს აბრალებდა და იძახდა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა დაბომბეს მძინარე ცხინვალი. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებისგან არ გვიკვირს ჩვენ ასეთი განცხადებები“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ბასიშვილი.

ვინ არის იოსებ მუმლაძე? ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციით მოსული.

იოსებ მუმლაძე გორის მუნიციპალიტეტის ბოლო მოწვევის საკრებულოში 2017 წელს ძევერის თემიდან მაჟორიტარად აირჩიეს. დიდი ხანი არ არის, რაც ის მმართველი პარტიის წევრი გახდა.

იოსებ მუმლაძე 2003 წლიდან ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, გუნდის წევრი იყო. ის აქტიურად მონაწილეობდა ვარდების რევოლუციის პროცესში. მუმლაძე მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. ოქრუაშვილმა იმ დროისთვის ერთგულ თანაგუნდელებს შრომა დაუფასა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ოქრუაშვილი გორიდან წავიდა, შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტი თანასოფლელ მიხეილ ქარელს ჩააბარა, ხოლო იოსებ მუმლაძე ვარდების რევოლუციის შემდეგ გორის რაიონის პირველი გამგებელი გახდა. ოქრუაშვილის სააკაშვილთან დაპირისპირებისა და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას მისი მეგობრებიც ჩამოსცილდნენ, მათ შორის, იოსებ მუმლაძეც. ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე კი ის უკვე „ქართულ ოცნებაში“ შევიდა და ძევერის თემიდან საკრებულოს წევრი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG