Accessibility links

პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მესამე: სასწაული ვისლაზე


როგორ მოახერხებს პილსუდსკი, 17 აგვისტოს ვისლაზე წამოწყებული კონტრშეტევით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს წითელ არმიას? „ვისლაზე სასწაულისთვის“ პილსუდსკის ორი „ჯოკერი“ მოეპოვებოდა:

1. პოლონელები შეძლებენ გატეხონ ბოლშევიკების საკომუნიკაციო კოდები და რეალურ დროში უსმინონ წითელი არმიის მხედართმთავრობას. როგორც პოლონელი ისტორიკოსი გჟეგოჟ ნოვიკი დაწერს, „ლენინი, სტალინი და ტუხაჩევსკი რომ პოლონეთის დაქირავებული აგენტები ყოფილიყვნენ, ვერ მოახერხებდნენ პოლონეთის გენშტაბის უფრო ოპერატიულად ინფორმირებას, ვიდრე ამას პოლონელები მოსმენით შეძლებენ“. მაგალითად, პოლონურ გენშტაბს ზუსტი ინფორმაცია მოეპოვებოდა ტუხაჩევსკის ვისლაზე დაგეგმილი ოპერაციის შესახებ, რამაც დიდწილად განაპირობა პილსუდსკის კონტრშეტევის ოპერაციის წარმატება.

2. ამას გარდა პოლონელების მხარეს იბრძოდა ამერიკელ მოხალისე მფრინავთა ესკადრილია, რომელთა საჰაერო დაზვერვა პოლონურ გენშტაბს საშუალებას აძლევდა, ზუსტი ინფორმაცია ჰქონოდა წითელი არმიის გადაადგილების შესახებ.

პოლონელების ამ ორ „ჯოკერს“ დაემატა წითელი არმიის მიერ დაშვებული უხეში შეცდომები: მთავარ შეცდომას დაუშვებს ლენინი, რომლის გადაწყვეტილებითაც, სტალინ-ეგოროვის ფრონტს ლვოვის ხელში ჩასაგდებად გადაისვრიან. ლენინის მიზანი იყო, ლვოვის აღების შემდეგ ეგოროვის ჯარები კარპატებისკენ გაეშვა რათა, არც მეტი, არც ნაკლები, რევოლუცია მოეხდინა უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ავსტრიაში.

ამგვარად 21-22 ივლისს ტუხაჩევსკის დასავლეთის ფრონტი მიიღებს ვარშავის, ხოლო ეგოროვ-სტალინის სამხრეთ დასავლეთის ფრონტი კი - ლვოვის მიმართულებით გალაშქრების ბრძანებას. 3 აგვისტოს წითელი არმიის მთავარსარდლობა მიხვდება, რომ ორ კურდღელზე მონადირე ორი ფრონტი ვერც ერთს დაიჭერდა და ეგოროვს უკან შემობრუნებას და ტუხაჩევსკის დახმარებას უბრძანებს. მაგრამ ვინაიდან ეგოროვ-სტალინის ჯარები შებოჭილები იქნებიან პოლონელების მიერ ლვოვის რეგიონში, ისინი ვერ შეძლებენ ტუხაჩევსკის დასახმარებლად ჯარების სწრაფ გადასროლას.

ტუხაჩევსკიც დაუშვებს რამდენიმე შეცდომას: დასავლეთის ფრონტის მთავარსარდალი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ პოლონეთის დედაქალაქში პროლეტარიატი აჯანყდებოდა „პოლონელი თეთრი პანების“ წინააღმდეგ, რომ ვარშავისკენ მხოლოდ ფრონტის ორ ყველაზე სუსტ არმიას გააგზავნის. დასავლეთის ფრონტის სამ ყველაზე ძლიერ არმიას კი ვარშავის ჩრდილოეთით 250 კმ-ზე გადაისვრის იმ იმედით, რომ ეს არმიები ორი დღის შემდეგ უკვე გერმანიის საზღვარს მიადგებოდნენ. ტუხაჩევსკის ეს წინდაუხედავი მანევრი მთლიანად გააშიშვლებს მის მარცხენა ფლანგს და პილსუდსკის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მისცემს, ჯერ ტუხაჩევსკის ფრთას დაარტყას და შემდეგ მთლიანად ხაფანგში მოაქციოს მისი ძალები.

25 000 მოკლული და 80 000 ტყვედ ჩავარდნილი წითელარმიელი - ასეთი იქნება ვისლაზე ბრძოლის შედეგი. 1920 წლის 16 ოქტომბერს, როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, პოლონეთის მიერ თავიდან იქნება დაკავებული ვილნო (ვილნიუსი), ბრესტ-ლიტოვსკი და მინსკი. 1921 წლის 18 მარტს მხარეები რიგაში მოაწერენ ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც პოლონელები საბოლოოდ დათმობენ მინსკს, კამენეც-პოდოლსკსა და ბერდიჩევს, ხოლო შეინარჩუნებენ ვილნოსა (ვილნიუსი) და ლვუფს (ლვივი-ლვოვი).

თუ პოლონეთის რესპუბლიკა გადარჩება, მისი აღმოსავლეთი ნაწილი აღმოჩნდება დასახლებული 9 მილიონი არაპოლონელით (უკრაინელი, ბელორუსი, ებრაელი), რომელთა თანაარსებობა ძალზე კონფლიქტური იქნება. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდება პოლონურ-უკრაინული თანაცხოვრება (აღმოსავლეთ გალიციაში, მაგალითად, ეთნიკური პოლონელების წილი 10%-ზე მეტს არ აღემატებოდა). 1919 წლის გაზაფხულზე დასავლეთ უკრაინულ-პოლონური კონფლიქტის ნიადაგზე გაჩენილ იარებს დაემატება პილსუდსკის მიერ აღმოსავლეთ უკრაინელების ღალატი: პოლონელების ლიდერი დაარღვევს პეტლიურასთან დადებულ ხელშეკრულებას და უკრაინელი მეომრების ინტერნირებას მოახდენს.

პილსუდსკის ამ „მრავალეთნიკური ბულიმიის“ ფასს პოლონელები მეორე მსოფლიო ომის დროს გადაიხდიან: როდესაც დასავლეთ უკრაინულ-პოლონური კონფლიქტი პიკს მიაღწევს, ორივე მხარის სამხედრო ძალები ეთნიკური წმენდით იქნებიან დაკავებული... თუმცა, ამ „მრავალეთნიკური ბულიმიის“ მთავარი არქიტექტორი უკვე გარდაცვლილი იქნება... სხვათა შორის, ის, რომ, პილსუდსკის ნების მიხედვით, მისი სხეული კრაკოვში, ხოლო გული ვილნო-ვილნიუსში იქნება დამარხული, ალბათ ასევე მრავლისმთქმელია...

რაც შეეხება ბოლშევიკებს - არც ლენინს, არც ტუხაჩევსკის ან სტალინს არ მოუნდება აღიარება, რომ მათი მარცხის მთავარი მიზეზი საკუთარი „ესქატოლოგიური ექსტაზი“ იყო და ბოლშევიკებსაც ჯერ ქარქაშში ხმალი არ ექნებათ ჩაგებული, როცა საჩვენებელი თითის ერთმანეთის წინააღმდეგ გაშვერას დაიწყებენ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG