Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს. განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეს საქართველოს ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადებაა, რომლითაც ბელარუსში მიმდინარე პროცესია შეფასებული.

ბელარუსში კვირაზე მეტია გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 80%-ით, ციხანოუსკაიამ კი 10% მიიღო.

ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული ათიათასობით ადამიანი, მათ შორის, ყველაზე დიდი ქარხნების მუშები, მოითხოვენ ფალისფიცირებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ფართო მონაწილეობის პირობებში.

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს. აშშ-მა არჩევნებსა და მის შემდეგ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG