Accessibility links

ტრამპი: ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება „საშინელ“ ვითარებას ბელარუსში


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება „საშინელ“ ვითარებას ბელარუსში, სადაც სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს უშიშროების ძალების სასტიკი რეპრესიები მოჰყვა.

„ეს საშინელებაა. ეს საშინელი ვითარებაა, ბელარუსი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მას,“ თქვა ტრამპმა 17 აგვისტოს.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. მიუხედავად სისხლიანი რეპრესიებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეთა რიცხვი იზრდება.

ორშაბათს პრეზიდენტ ლუკაშენკას ხმამაღლა დასცინეს მინსკის ერთ-ერთი ქარხნის მუშებთან შეხვედრაზე. შეხვედრაზე ლუკაშენკამ თქვა, რომ ხალხის მოთხოვნას, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მანამდე არ დათანხმდება, „სანამ მოვკვდებოდე.“

მაგრამ მოგვიანებით მან სხვაგვარი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ახალი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია, თუკი შეიცვლება კონსტიტუცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG