Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი ბრიდლავი: საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია


ფოტო არქივიდან: გენერალი ბრიდლავი თბილისში. 2016 წლის მარტი
ფოტო არქივიდან: გენერალი ბრიდლავი თბილისში. 2016 წლის მარტი

ევროპაში ნატოს ძალების და აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის შეფასებით, საქართველო დიდი ხანია მზად არის ნატოს წევრობისთვის.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ბრიდლავი ამბობს, რომ საქართველოს პროგრესი აქვს ყველა მიმართულებით.

„ჩემი მოსაზრება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ნატოს ჯარების მთავარსარდალი გავხდი. მანამდე ევროპაში ამერიკის საჰაერო ძალებს და აფრიკაში ამერიკის საჰაერო ძალებს ვხელმძღვანელობდი და ძალიან კარგად ვიცოდი საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და ის საქმიანობა, რასაც ქვეყანა არაჩვეულებრივად წარმართავდა იმისთვის, რომ დასავლეთში ინტეგრაცია მოეხდინა. მას შემდეგ, რაც ნატოს ძალების მთავარსარდალი გავხდი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი რამ, რაც გავიგე იყო ის, თუ რამდენი გასცა საქართველომ ნატოსთვის. მათ შეცვალეს ბევრი რამ, რაც ვთხოვეთ, იქნებოდა ეს მთავრობაში, თუ ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ანგარიშვალდებულებების შემოღებით, კანონის უზენაესობით თუ სხვა“.

ფილიპ ბრიდლავი ხაზს უსვამს, რომ ავღანეთის მისიაში არცერთ ქვეყანას არ ჰყავს ერთ სულ მოსახლეზე იმდენი ჯარისკაცი, რამდენიც საქართველოს და მასზე მეტი ჯარისკაცი არავის დაუკარგავს: „როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის“.

„მე უღრმესი პატივისცემა მაქვს ერთი მხრივ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორე მხრივ, ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს. საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება“.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გენერალი ბრიდლავი საუბრობს 2008 წლის აგვისტოს ომზეც. მისი შეფასებით, რუსეთმა საქართველოში შეჭრით სცადა ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციის შეჩერება.

„დიდმა სამხედრო ძალამ საკუთარი შეიარაღებული ძალები გამოიყენა იმისთვის, რომ ევრაზიაში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები შეეცვალა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთა საერთაშორისოდ აღიარებული სხვა ქვეყნის საზღვარი და მოახდინა სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. ეს ფუნდამენტური გარდატეხა იყო. სამწუხაროდ, ბევრმა ვერ დაინახა რა მოხდა საქართველოში და რეალურად რა იყო რუსეთის ზრახვები მანამ, სანამ რუსეთმა ყირიმსა და დონბასში საერთაშორისო საზღვრები ჯარით კიდევ ერთხელ არ გადაკვეთა“.

ფილიპ ბრიდლავი ევროპაში ნატოს ძალების სარდალი იყო 2013-2016 წლებში. ამჟამად "ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის" ევროპის ინიციატივის თავმჯდომარეა.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG