Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ანწუხელიძე გორში ანწუხელიძის ქუჩაზე გაიხსენეს


გორში გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მცხოვრებნი წუხელ სანთლებითა და ეროვნული დროშებით ქუჩაში გამოვიდნენ და ასე აღნიშნეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, დაბადების დღე. ამ ქუჩაზე აშენებულ კორპუსებში ცხინვალიდან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

გიორგი ანწუხელიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. ის 2008 წლის ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა და სასტიკი წამების შემდეგ მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძე დღეს 36 წლის გახდებოდა.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ანწუხელიძემ პირველად სამხედრო სავალდებულო სამსახური 2003-2004 წლებში გაიარა. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა, 2008 წლის 17 აპრილიდან კი IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემით მოკლეს. სატელეფონო ვიდეოჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი ვინაობა ქართული მხარისათვის გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა, - წერია თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა. ის დაჯილდოებულია, ასევე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია და გორში ის ქუჩა, სადაც ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG