Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამის თქმით, მისი შვილი შიმშილობას აპირებს


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები და მოწმეები სიცრუის დეტექტორის საშუალებით არ დაიკითხებიან, მისი შვილი შიმშილობის დაწყებას აპირებს. ეს განცხადება მან მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან გააკეთა, სადაც, ამ წუთებში, არასრულწლოვანთა საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს:

„ჩამოიყვანონ სპეციალისტები. პირდაპირ ეთერში მისცემს ჩემი შვილიცა და „კამრიში“ მსხდომი სხვა პირებიც ჩვენებას სიცრუის დეტექტორის ქვეშ. შემდეგ ჩვენება მისცენ იმ პირებმაც, რომლებიც ჩვენებს აბრალებენ დანაშაულს, ამას ვითხოვ და ასევე ვითხოვ პროკურორების გადაყენებას. პროკურორებმა ჩაასწორეს ჩემი შვილის ნაწერი კომპიუტერში. მეც იქ ვიყავი და ჩემი ბიძაც იქ იყო. ყველანი ვუყურებდით, რომ ნახევარი საათი იჯდა და ასწორებდა და მერე ისე მოაწერინა ხელი, არც კი წააკითხა. მაგალითად, ჩაასწორა, რომ სად გარბოდა შაქარაშვილი, რა ფერის შორტი ეცვა, თან ცემის ქვეშ დააწერინეს“.

შეგახსენებთ, გამოკითხვის პროცესში, არასრულწლოვან ზ.ხ.-ზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

გამოძიება ზ.ხ.-ს რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. მათ შორის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

მისი ადვოკატი, გიორგი გელხაური რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ზ.ხ.-ს ბრალეულობას დაამტკიცებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება ხუთი მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულთაგან 5 პირს ბრალდებამ 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი, 11 აგვისტოს წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდიდან არაგვის ნაპირამდე გიორგი შაქარაშვილს „ტოიოტა კამრის“ ხუთმა მგზავრმა სდია. მათ ფეხბურთელს არაერთი დაზიანება მიაყენეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG