Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 მილიონი ყოფილ მაღალჩინოსნებს


ამ გამოძიებაში გიამბობთ, როგორ მიიღო ერთმა მაღალჩინოსანმა პოსტიდან წასვლის შემდეგ 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან თითქმის 19 მილიონი ლარის სახელმწიფო შეკვეთა, აქედან 14 მილიონზე მეტი - ტენდერის გარეშე.

1 წლის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც შეისწავლა მისი საქმიანობა და მასალები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიები სახელმწიფო შეკვეთების ნაწილს დაფუძნებიდან მალევე, პირდაპირი ხელშეკრულებით იღებენ.

10 მლნ ტენდერის გარეშე

2020 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო კომპანია “ოუფენ ნეტმა” 10-მილიონიანი (10 037 000 ₾) ხელშეკრულება პირდაპირ, ტენდერის გარეშე გაუფორმა კომპანია “პარვუს ჯგუფს”. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ამ წლის ბოლომდე ოზურგეთის რაიონში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს.

ოზურგეთი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის საპილოტო რეგიონად 2020 წლის 9 მარტს შეირჩა, თუმცა მას შემდეგ გასული 5 თვე, “ოუფენ ნეტის” ხელმძღვანელის ოფიციალური წერილის მიხედვით, საკმარისი არ აღმოჩნდა ტენდერის ჩასატარებლად და მსხვილი შეკვეთის გამარტივებული წესით განკარგვა გადაწყდა. “ოუფენ ნეტმა” ჩაატარა ბაზრის კვლევა და არჩევანი შპს “პარვუს ჯგუფზე” შეაჩერა. “ოუფენ ნეტის” განმარტებით, საუკეთესო ფასი და პირობები “პარვუს ჯგუფმა” შესთავაზა.

„პარვუს ჯგუფი“ დაახლოებით 1 წლის შექმნილი კომპანიაა. ის 2019 წლის მაისში ორმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სულხან ზუმბურიძემ და მამუკა პაპუაშვილმა დააფუძნეს. ზუმბურიძე მანამდე “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, იმავე მმართველთა საბჭოს წევრი იყო მამუკა პაპუაშვილიც. ზუმბურიძემ თანამდებობა 2018 წლის ოქტომბერში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რადიო თავისუფლებამ ამ ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეისწავლა და საინტერესო დეტალები აღმოაჩინა.

ჩინოვნიკი, თვეში ოცდახუთიათას ლარზე მეტი ხელფასით

შესაძლოა, სწორედ ასე დაამახსოვრდა სულხან ზუმბურიძე საზოგადოებას. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით, 28 ათას ლარს შეადგენდა. მხოლოდ 5 წელში, თითქმის 1,5 მლნ ლარის ანაზღაურება მიიღო სახელმწიფო კომპანიისგან.

2018 წლის 18 აპრილს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა, სულხან ზუმბურიძის ანაზღაურებაზე საპარლამენტო ტრიბუნიდან ილაპარაკა. მან ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოქმედი მოხელის შემოსავლები გრაფიკულად წარმოადგინა.

36 ათასი ლარი თვეში და წლიური 430 ათასი ლარი - ეს იყო მაშინ სულხან ზუმბურიძისა და მისი მეუღლის (მეუღლე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მუშაობდა) შემოსავალი.

სულხან ზუმბურიძის ხელფასზე 2018 წლის აგვისტოში პარლამენტში მისულ გიორგი გახარიასაც ჰკითხეს, რომელიც მაშინ ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

"გეთანხმებით, სახელმწიფო შპს-ა. არ ვიცი დეტალები. შეიძლება ის ადამიანი იმსახურებს უფრო მეტსაც. არ ვიცი, არ ვიცი", - ასე უპასუხა ზუმბურიძის ხელფასზე დასმულ შეკითხვას გიორგი გახარიამ.

მაშინ “ტაბულამ” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ჩინოვნიკს, რომელსაც თვეში ხელფასი თითქმის 28 ათასი ლარი ჰქონდა, ლანჩის ფულს სახელმწიფო უხდიდა. ერთ-ერთ ინვოისში ლანჩის საფასურად 13 ლარი და 90 თეთრი იყო მითითებული.

წყარო tabula.ge
წყარო tabula.ge

“მქონდა ხელფასი, რაც მქონდა, და ეს იყო ჩემი ოფიციალური შემოსავალი, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. არასწორი გზით არ მიშოვია ფული სახელმწიფო სამსახურში. მქონდა შემოსავალი, რომლის დეკლარირებასაც ვახდენდი. თანაც, ჩემი დანიშნული არ იყო ეს ხელფასი“, - უთხრა სულხან ზუმბურიძემ რადიო თავისუფლებას

და იქვე განაგრძო: “ მე მქონდა ასეთი პრინციპი, სწორი თუ არასწორი, არ ვიცი: როდესაც გაქვს საქმიანი შეხვედრა და მასპინძლობ სტუმრებს, ამის თანხა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა გადაიხადო. 13-ლარიანი ინვოისი არ მახსოვს. შესაძლოა, მე არ ვყოფილვარ ამ ლანჩზე და ჩემი რომელიმე თანამშრომელი იყო, ჩემი თანხმობით, რა თქმა უნდა”.

ხელფასის გასაჯაროების შემდეგ სულხან ზუმბურიძე მედიის საყოველთაო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ გასული წლის ოქტომბერში მოექცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შესახებ მომზადებული დასკვნა. დოკუმენტში, რომელიც 2014-17 წლების რევიზიას აღწერდა, სულხან ზუმბურიძის მმართველობის პერიოდის კონკრეტული ხარვეზები იყო გამოკვეთილი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

“აუდიტმა რაც ჩემზე დაწერა, სამჯერ მეტი შესაგებებელი, საპასუხო არგუმენტები დავწერე მე. ყველაფერი განვმარტე, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ეს დასკვნა არის არაკომპეტენტური, არაპროფესიონალური არანაირი ზარალი არ ყოფილა, ეს იყო ლარის კურსის ცვალებადობით გამოწვეული შედეგი“, - ზუმბურიძე აუდიტის დასკვნას „არაპროფესიონალურს“ უწოდებს.

აუდიტმა დასკვნა 2019 წლის ოქტომბერში მთავარ პროკურატურას გაუგზავნა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს, პროკურატურიდან მათ აღარ დაჰკავშირებიან.

პროკურატურამ არც ჩვენ გვიპასუხა, გამოიძიეს თუ არა დასკვნაში აღწერილი ფაქტები. თავად ზუმბურიძე ამბობს, რომ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. “მე დამკითხეს პროკურატურაში, სუს-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანტიკორუფციულ სამსახურში. ბრალი არ წაუყენებიათ. ჩემი აზრით, არ გამოიკვეთა არაფერი, რაზეც ბრალის წარდგენა შეეძლოთ”.

მილიონიანი დაკვეთები - სულხან ზუმბურიძისთვის

“ოუფენ ნეტის” 10-მილიონიანი შეკვეთა ერთადერთი არაა სულხან ზუმბურიძის კომპანიისთვის.

სახელმწიფო ელექტროსისტემიდან წამოსვლის შემდეგ, მალევე, 2019 წლის 14 მაისს, სულხან ზუმბურიძემ და ელექტროსისტემის კიდევ ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მამუკა პაპუაშვილმა, კომპანია “პარვუს ჯგუფი” დააფუძნეს. პირველი სახელმწიფო შეკვეთა დაფუძნებიდან 2 თვეში მიიღეს, თითქმის 3 მილიონი ლარის (2 916 016).

“პარვუს ჯგუფმა” მხოლოდ 1 ლარით აჯობა კონკურენტს სახელმწიფო კომპანია “ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ტენდერში. სატენდერო პირობებმა საშუალება მისცა ახალ, სამუშაო გამოცდილების და ისტორიის უქონელ კომპანიას (ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად), შატილის მახლობლად მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მოეპოვებინა.

ამ ტენდერში გამარჯვების პარალელურად, ზუმბურიძის „პარვუს ჯგუფმა“ იმავე სახელმწიფო კომპანიისგან მეორე ჰესის მოწყობის დაკვეთა მიიღო. ამჯერად ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით მას თითქმის 4-მილიონიანი (3 მლნ 900 ათასი) კონტრაქტი გაუფორმეს. ფონდის ხელმძღვანელობამ შესყიდვების სააგენტო დაარწმუნა, რომ ტენდერისთვის საკმარისი დრო არ იყო. ფონდის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, „პარვუს ჯგუფმა“ ჰესის აშენებაში კონკურენტებზე დაბალი ფასი მოითხოვა.

ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ხელშეკრულება 3 ოქტომბერს გაფორმდა, მეორე დღეს კი, 4 ოქტომბერს, „პარვუს ჯგუფმა“ სამუშაოების სოლიდური ნაწილი ჩააბარა შემსყიდველს.

მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, კომპანიამ ერთ დღეში ჩააბარა დამკვეთს ჰესის მოსაწყობად საჭირო გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, გენერაციისა და ტოპოგრაფიული კვლევები, დაასრულა ტერიტორიის აეროგადაღება და 3D მონტაჟი, რაშიც, ჯამში, 1 მლნ 116 ათასი ლარი მიიღო.

წყარო: შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტი
წყარო: შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტი

როგორ შეასრულა ერთ დღეში მილიონზე მეტის სამუშაო? ამის პასუხად ზუმბურიძე ამბობს, რომ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებამდე წინასწარ შეასრულა.

“წარმოუდგენელია, ერთ დღეში ხომ არ გაკეთდებოდა. მე ჩემი რისკი გავწიე. როცა შევთანხმდით, რომ მე მიფორმებდნენ ხელშეკრულებას, უბრალოდ, წინ იყო ბიუროკრატია. მე გავწიე რისკი და ეს სამუშაოები ჩემი ფულით გავაკეთე წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე. მე მგონია, რომ კარგი ვქენი, ვინ გააკეთებს მაგას? თქვენს სტატიაში მე ვარ ბოროტი გმირი, მაგრამ, სინამდვილეში, მე ვარ კეთილი, კეთილი!” - ამბობს სულხან ზუმბურიძე რადიო თავისუფლებასთან.

როგორ მიიღო სახელმწიფოსგან რამდენიმე თვის შექმნილმა კომპანიამ, ჯამში, თითქმის 4 მილიონი ლარი სახელმწიფო ფონდიდან და ხომ არ აქვს რაიმე კავშირი მის ხელმძღვანელს კომპანიის დამფუძნებლებთან? ზუმბურიძე გარიგებას გამორიცხავს, თუმცა გვიდასტურებს, რომ “ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორ გიორგი ჩიქოვანთან “კარგი მეგობრობა აკავშირებს”.

“პარვუს ჯგუფთან” მრავალმილიონიან ხელშეკრულებებზე რადიო თავისუფლებამ კომენტარი „ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ სთხოვა, გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი შვებულებაშია და კომენტარს თვის ბოლომდე ვერ მივიღებდით.

საბიუჯეტო ფული ზუმბურიძის სხვა კომპანიებისთვის

ყოფილი მაღალჩინოსნების, სულხან ზუმბურიძის და მამუკა პაპუაშვილის, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მხოლოდ “პარვუს ჯგუფით” არ შემოიფარგლება. რადიო თავისუფლებამ „პარვუს ჯგუფის“ შვილობილი კომპანიების მიერ საბიუჯეტო დაკვეთების მიღებაც შეისწავლა.

შვილობილი კომპანიებიდან ყველაზე მეტი სახელმწიფო დაკვეთა აქვს “პარვუს კონსტრაქშენს” - ჯამში, 400 ათას ლარზე მეტის.

ყველა შეკვეთა დუშეთის გამგეობისგანაა და რეგიონში მცირე სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს.

რადიო თავისუფლებამ აქაც საინტერესო დეტალი აღმოაჩინა: დუშეთის გამგეობამ შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის აგვისტოში ნებართვა სთხოვა, ტენდერის გარეშე გაეფორმებინა ორი ხელშეკრულება. თანხმობა 27 აგვისტოს მიიღო და პირობა დადო, რომ ხელშეკრულებას სასწრაფოდ, 1-2 დღეში, გააფორმებდა, თუმცა ხელშეკრულება მხოლოდ 9 სექტემბერს გააფორმა 4 სექტემბერს დაფუძნებულ „პარვუს კონსტრაქშენთან“. ჯამში, დუშეთის გამგეობამ 5 დღის დაფუძნებულ კომპანიას 76 ათასი ლარის შეკვეთა მისცა.

დაფუძნებიდან, დაახლოებით, 2 თვეში მიიღო ტენდერის გარეშე 60-ათასლარიანი შეკვეთა ჯგუფის კიდევ ერთმა კომპანიამ, „პარვუს კონსალტინგმა“. მას დუშეთის მუნიციპალიტეტმა შატილის სკოლის შენობის სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაცია დაუკვეთა.

„პარვუს ჯგუფში“ შემავალ კომპანიებთან ხელშეკრულებას ხელს დუშეთის გამგებლის მაშინდელი მოადგილე, გიორგი თანიაშვილი, აწერს. ის დღეს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში მუშაობს. კითხვაზე, რატომ გაუფორმა ახლად შექმნილ კომპანიებს კონტრაქტები, გვიპასუხა, რომ ბაზრის კვლევას მხოლოდ ეს კომპანიები გამოეხმაურნენ და არ იცოდა, რომ „პარვუს კონსტრაქშენი“ რამდენიმე დღის შექმნილი იყო.

“ამას არ ავხსნი. რაც გინდათ, ის დაწერეთ”, გვითხრა ზუმბურიძემ კითხვაზე, როგორ მიიღო 4 დღის დაფუძნებულმა მისმა კომპანიამ სახელმწიფო დაკვეთა. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებზე ასე გვიპასუხა: “რახან იქ ვიყავით, გვითხრეს, გააკეთეთო. რამდენიმე ამბულატორიის აშენება და სასადილოს რემონტი გვთხოვეს, თუმცა მაგ შეკვეთებიდან რამდენიმეში წავაგე თანხა, რამდენიმე ათასი.

მაგისთვის არ შემიქმნია, ეს კომპანია ჰესისთვის მჭირდებოდა და შევქმენი.

ქვეკონტრაქტორები ამყავდა და მათი სამუშაოს ორგანიზებას ვახორციელებდი და დამკვეთთან ვიღებდი პასუხისმგებლობას. ავიტკიე თავი, ეს მხოლოდ თავის ტკივილი იყო. ამაზე მადლობას კი არავინ არ მეტყვის. პირიქით, ეჭვით მიყურებთ. რამდენიმე ტენდერში წამიგია კიდეც, დისკვალიფიკაციაც მიმიღია. პრივილეგირებული არ ვარ”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სულხან ზუმბურიძე.


სულ ბოლო შეკვეთა დუშეთის მუნიციპალიტეტიდან „პარვუსმა“ 2020 წლის მაისში მიიღო. „პარვუს ჯგუფმა“ გაიმარჯვა და შატილის სკოლის მშენებლობის ტენდერში თითქმის 1,5-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამ სკოლის პროექტიც ზუმბურიძის სხვა კომპანიის მომზადებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან მიღებული შეკვეთების ნაწილი ზუმბურიძის კომპანიებმა ქვეკონტრაქტორების მეშვეობით შეასრულეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG