Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერების "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასვლაზე ვრცელდება ინფორმაცია


​"ევროპული საქართველოს" რამდენიმე ათეული მხარდამჭერი შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდეს. ინფორმაციას ადასტურებს "ევროპული საქართველოდან" გადასული ვაჟა ჩიტაშვილიც, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" 3 აგვისტოს დაბრუნდა.

"როცა პარტია ორად გაიყო, პირადად მე, მაშინ აღვიქვი, როგორც ოპოზიციის ტაქტიკური სვლა, თუ როგორ უნდა დაგვემარცხებინა სახელისუფლებო პარტია. ამ გადაწყვეტილებამ მაშინ თავის საქმე გააკეთა, თუმცა უკვე ამოწურა ჩემი შეხედულებით თავისი დანიშნულება და დავბრუნდი უკან. თუმცა არსად არ წავსულვარ. ჩემი ხედვები ყოველთვის ემთხვეოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხედვებს", - აცხადებს ვაჟა ჩიტაშვილი.

ოპოზიციურ პარტიებს შორის მხარდამჭერების გადასვლაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 16 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ჩავიდა. ჩიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილის შეხვედრამ ცვლილებებზე გავლენა იქონია.

"ახალციხის ორგანიზაციაში იყო ასეთი კაცი ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად წამოვიდა "ევროპულ საქართველოში" და ახლა უკან დაბრუნდა. მის მიერ შექმნილი ორგანიზაციიდან რამდენიმე ადამიანი წაიყვანა. აი, ეს არის სულ, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია, ვითომ "ევროპული საქართველოდან" "ნაციონალურ მოძრაობაში" გადადის ვინმე", - უთხრა რადიო თავისუფლებას "ევროპული საქართველოს" რაიონულმა წევრმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა.

ახალციხის "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წევრები ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო საქმიანობა უკვე დაწყებული აქვთ და პასუხებს თბილისიდან უახლოეს დღეებში ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG