Accessibility links

site logo site logo

შაქარაშვილის საქმის სასამართლო სხდომაზე პროკურატურა დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, სადაც 18 აგვისტოს, ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, პროკურატურა დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს. ამის შესახებ, მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განცხადება გააკეთა საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოს წარედგინება გიორგი შაქარაშვილის სხეულზე ჩატარებული დამატებითი სასამართლო-სამედიცინო დასკვნა და ვიდეოკამერების ჩანაწერები:

„ვიდეოკადრებზე დაფიქსირებულია ბრალდებულების გადაადგილება მცხეთიდან თბილისში, იქ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზება, შემდეგ მათი გადაადგილება თბილისიდან მცხეთის მიმართულებით. ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე წარადგენს ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ შესავალ სიტყვას. ჩვენ სასამართლოს მივუთითებთ იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რასაც გამოიკვლევს ბრალდების მხარე სასამართლოში და რაზე დაყრდნობითაც, ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლო ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს“.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას. თუმცა, 18 აგვისტოს, სასამართლო ამ ორ ბრალდებულთან მიმართებითაც მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობაში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებზე იმსჯელებს.

რაც შეეხება განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეს, ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 27 აგვისტოს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG