Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მხარე ექსპერიმენტის ჩასატარებლად ემზადება


20 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე მცხეთაში, მდინარე არაგვთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად ემზადება. ეს პროცესი ღამის 12 საათზე დაიწყებს და რამდენიმე საათი გაგრძელდება.

კობაიძის თქმით, ამ ექსპერიმენტით დამტკიცდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდში არ ფიგურირებს. ადვოკატი სამი ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავს, ერთი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას უკავშირდება, მეორე "ფერად სახლთან" განვითარებულ მოვლენებს, მესამე კი ბილიკზე ჩარბენის ეპიზოდს შეეხება.

"შევეცდებით დროში გადავამოწმოთ ეს ყველაფერი რამდენად რეალურია... ჩვენ გარეშე პირებს მოვიყვანთ და მათი მეშვეობით ჩვენ რეალურ სურათს ავსახავთ და დავადგენთ, რამდენად რეალურია ნახევარ კილომეტრში დაინახო ჯერ დღისით და შემდეგ ღამით და გაარჩიო პიროვნებები", - თქვა ალექსანდრე კობაიძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება ხუთი მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულთაგან 5 პირს ბრალდებამ 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი, 11 აგვისტოს წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდიდან არაგვის ნაპირამდე გიორგი შაქარაშვილს "ტოიოტა ქამრის" ხუთმა მგზავრმა სდია. მათ ფეხბურთელს არაერთი დაზიანება მიაყენეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG