Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვმა "პოლიტიკოსები" და "კრიმინალური ელემენტები" ერთმანეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა


ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მისი "მთავრობის" ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმას უწოდა გამოწვევა კანონის, საზოგადოებისა და სტაბილურობისთვის.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს წევრებთან 18 აგვისტოს, საღამოს გამართულ თათბირზე ბიბილოვმა განაცხადა, რომ მილიციის თითოეული თანამშრომლის ღირსების საქმეა ამ დანაშაულის გახსნა და დამნაშავის დაპატიმრება. ინფორმაცია საბჭოს სხდომის შესახებ სააგენტო „რეს“-მა გაავრცელა.

ბიბილოვმა თქვა, რომ არსებობს სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა. მან ნანიევზე თავდასხმა დაუკავშირა „კრიმინალური ელემენტების მხრიდან ცალკეული პოლიტიკოსების მხარდაჭერას“. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, თუ დამნაშავეები პოლიტიკური მოღვაწეების მხარდაჭერას გრძნობენ, მათ ხელი გახსნილი აქვთ.

ბიბილოვის თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი პარტიის ხელმძღვანელები სამი ადამიანის მკვლელობის საქმის გამომძიებლებთან მიდიან, ერევიან და ზეწოლას ახდნენ. კონკრეტული პოლიტიკოსები ბიბილოვს არ დუსახელებია. მისი განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც დაფუძნებულია ფეიკებსა და ჭორებზე“.

ბიბილოვმა დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას, შსს-ს და უშიშროების კომიტეტს დაავალა იგორ ნანიევზე თავდასხმის გამოძიება და დამნაშავეთა მოძებნა და თქვა, რომ პროცესს თავად გააკონტროლებს.

ოკუპირებული ცხინვალიდან 18 აგვისტოს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინა საღამოს, ქალაქის ცენტრში დაცხრილეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანა. დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმისას არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG