Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი უარყოფს ფარულ კავშირს რუსეთთან, სენატის კომიტეტის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტის მიერ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი არ შესულა არანაირ ფარულ გარიგებაში რუსეთთან და უკრაინასთან.

„არ წამიკითხვას. ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს ყველაფერი გამოგონილია“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს 18 აგვისტოს, არიზონას შტატში, სადაც იგი წინასაარჩევნო ღონისძიებებს მართავდა.

„ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ მე არ მაქვს არავითარი კავშირი ამასთან [რუსეთთან და უკრაინასთან] და ეს ხმამაღლა არის ნათქვამი ამ ანგარიშში“, -დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც არაერთგზის უწოდა „გამოგონილი“ რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიებას.

დონალდ ტრამპის განცხადების ფონია რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული „ყველაზე სრულყოფილი“ ორპარტიული გამოძიების, ბოლო თავი, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე, რომელშიც დონალდ ტრამპის პარტნიორებისა და რუსეთის წარმომადგენლების კონტაქტებზეა საუბარი.

თითქმის 1300 გვერდიანი ბოლო, მეხუთე თავი, აგვირგვინებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სამწლიან გამოძიებას. დოკუმენტი ეხება კონტრდაზვერვის საფრთხეებს, ასახავს რუსეთის ძალისხმევას ფართო სპექტრს საარჩევნო კამპანიის განმავლობაში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ და დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

სენატში მომზადებული ანგარიშის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სანქციით 2016 წელს განხორციელდა ჰაკერული თავდასხმები აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასთან დაკაშირებულ კომპიუტერულ ქსელებსა და ანგარიშებზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი, პოლ მანაფორტი თანაშრომლობდა რუსეთის წარმომადგენლებთან, მათ შორის მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდეგაც.

სენატის კომიტეტის ანგარიშმა აჩვენა, რომ საიტმა WikiLeaks-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის მცდელობაში ჩარეულიყო არჩევნებში, ტრამპის სასარგებლოდ, და რომ საიტმა „დიდი ალბათობით იცოდა“, რომ ჰაკერული გზით მოპოვებული დოკუმენტების გამოქვეყნებით, იგი სამსახურს უწევდა რუსეთის ჩარევის მცდელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG