Accessibility links

logo-print logo-print

NDI-ის ანგარიში: კვლავ გამოწვევად რჩება სასამართლოს ძალაუფლების გამოყენება


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე პრობლემური საკითხი კვლავ აქტუალურია, მათ შორის, სასამართლოს ძალაუფლების გამოყენება. თუმცა საუბარია პოზიტიურ მხარეებზეც, მათ შორის, არჩევნების ჩატარების ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდასა და მეტწილად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე.

"არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება. თავის მხრივ, ეს ფაქტორები საქართველოს გარე ჩარევების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებებში.

არსებული გამოწვევების გამო ორგანიზაციამ რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და არჩევნებთან დაკავშირებულმა სხვა სამთავრობო უწყებებმა მაქსიმალურად დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კანონი და რეგულაცია;
  • ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი საქმიანობა არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად, ყოველგვარი ჩარევისა და დაშინების გარეშე წარმართონ;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე და გადაჭრის გზებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს;
  • პარტიებმა ინკლუზიური და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები უნდა შეიმუშაონ, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის (ქალების, ლგბტქი ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ჩათვლით) მნიშვნელოვანი თემებიც იქნება ასახული. პარტიებმა ისინი, ასევე, უნდა ჩართონ თავიანთ შიდა პროცესებში და წარადგინონ კანდიდატებად. პარტიებმა და კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა აკეთონ;
  • მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული. მათ შორის იგულისხმება: მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა;
  • ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ფეისბუქმა, იუთუბმა და სხვა ონლაინ პლატფორმებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლონ. ფეისბუქმა დროულად უნდა უპასუხოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წამოჭრილ საკითხებს, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებებს უკავშირდება; ასევე აღკვეთოს მიკროტარგეტირება და გააუმჯობესოს ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი იარლიყების სისტემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG