Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიატლანა ციხანოუსკაია ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


სვიატლანა ციხანოუსკაია და საულიუს სკვერნელისი
სვიატლანა ციხანოუსკაია და საულიუს სკვერნელისი

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ვილნიუსში შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელსაც უწოდა „ბელარუსის საერთო ეროვნული ლიდერი“.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა წინასარჩევნო კამპანიას, სასამართლო პროცესებს და, ასევე, ყოველდღიურ პრობლემებს, რასაც პირადი და ოჯახის უსაფრთხოების კუთხით აწყდება ლიეტუვაში მყოფი სვიატლანა ციხანოუსკაია.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი დაპირდა ციხანოუსკაიას, რომ ლიეტუვის მთავრობა პოლონელ, ლატვიელ და ესტონელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს ბელარუსში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისათვის და იმისათვის, რომ ციხანოუსკაიას „შვილები მალე ჩაეხუტონ თავიანთ მამას.“

19 აგვისტოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალიაქსანდრ ლუკაშენკა შეიყვანა იმ პირების სიაში, რომლებსაც ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა. საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკიავიჩუსის თქმით, სანქიცირებულთა სიაშია 32 ადამიანი, რომლებსაც, ლიეტუვის აზრით, 9 აგვისტოს არჩევნების ფალსიფიცირებასთან და დემონსტრანტების წამებასთან აქვთ კავშირი.

არჩევნების შემდეგ ბელარუსში აზვირთებული საპროტესტო აქციების ჩახშობის პროცესში დააკავეს 7000-მდე ადამიანი, ასობით დაშავდა. დაიღუპა სამი ადამიანი.

19 აგვისტოს ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოკლე ხანში ევროკავშირი „სანქციებს დაუწესებს ძალიან ბევრ პირს, პასუხისმგებელს არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“, - განაცხადა საგანგებო ვიდეოსამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG