Accessibility links

მოწამვლა თუ ალერგია?


კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტებმა პოლიციაში უკვე შეიტანეს განცხადება, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - „სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლეზე ხელის აღმართვის“ მუხლით.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რა გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების მიზეზი.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი, რამდენიმე საათია, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება ქალაქ ომსკის საავადმყოფოში, სადაც იგი მოათავსეს მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში მყოფმა ნავალნიმ მოულოდნელად გონება დაკარგა.

თვითმფრინავი სასწრაფოდ დასვეს ომსკში, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდა.

თვითმფრინავში ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი პრესმდივანი, კირა იარმიში, რომელმაც განაცხადა, რომ ექიმებს შხამით (ტოქსიკურ) მოწამვლაზე აქვთ ეჭვი. მისი ვარაუდით, ნავალნი შეეძლოთ მოეწამლათ „ჩაიში რაღაცის გარევით“, რადგან მხოლოდ ჩაი იყო ერთადერთი სითხე, რასაც დილიდან სვამდა კბფ-ს ხელმძღვანელი.

ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის, ანატოლი კალინიჩენკოს, თქმით, ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი მიერთებულია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე.

კალინიჩენკოს თქმით, განიხილება რამდენიმე დიაგნოზი. მოწამვლა არის „ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი“, მაგრამ არსებობს ისეთი „გარემოებები, რომლებსაც შესაძლოა გამოეწვიათ“ ასეთი კლინიკური სურათი.

გასული წლის ივლისში კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (კბფ) ხელმძღვანელი ასევე მოწამვლის ნიშნებით მოხვდა საავადმყოფოში მოსკოვის იზოლატორიდან, სადაც ნავალნი ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდიდა არასანქცირებული მიტინგის ორგანიზების ბრალდებით.

ნავალნი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღესვე გაწერეს, ხოლო სკლიფასოვსკის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა ექიმმა, ალექსეი ტოკარევმა, განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში არ იქნა აღმოჩენილი მომწამვლელი ნივთიერება. ერთი წლის წინ, ოფიციალური ვერსიით, კბფ-ის ხელმძღვანელს ალერგიის შეტევა განუვითარდა.

ბევრი ფიქრობს, რომ ამჟამადაც, შესაძლოა, კვლავ ალერგიული შეტევა განიხილებოდეს ნავალნის უგონო მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზად.

„კვლავ ალერგია? თქვენ ხართ მხეცები და ნაძირლები“, - დაწერა ტვიტერში ანასტასია ვასილიევამ. დამოუკიდებელი პროფკავშირების, „ექიმების ალიანსის“, ლიდერი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს კბფ-სთან, აცხადებს, რომ იგი სასწრაფოდ მიფრინავს ომსკში, რადგან ომსკის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოდან მის ზარს არ უპასუხეს.

როგორც ცნობილია, ალექსეი ნავალნი რამდენიმე დღე იმყოფებოდა ციმბირში, სადაც, როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა წერს, აგროვებდა მასალებს მორიგი გამოძიებისათვის. კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (კბფ) ხელმძღვანელი ჯერ ჩავიდა ნოვოსიბირსკში, საიდანაც გაეშურა ტომსკისკენ.

ნავალნის მოგზაურობა შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს არჩევნებსაც. სექტემბერში, როდესაც ქვეყანაში „ხმის მიცემის ერთიანი დღეა“ დანიშნული, ნოვოსიბირსკსა და ტომსკში აირჩევენ საქალაქო საბჭოებისა და სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატებს.

არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთაც ნავალნის შტაბები უჭერენ მხარს.

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიქტოვი, მოითხოვს, რომ ძირფესვიანად იქნეს გამოძიებული ნავალნის თავს დატრიალებული ამბავი. ვენედიქტოვი მიიჩნევს, რომ ნავალნი სამკურნალოდ სასწრაფოდ უნდა წაიყვანონ სხვა ქვეყანაში.

ამ იდეას არ ეწინააღმდეგება რუსეთის ხელისუფლება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 20 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „აუცილებლობის შემთხვევაში“ იგი დახმარებას აღმოუჩენს უცხოეთის საავადმყოფოში ნავალნის ევაკუაციას.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაციით, ტომსკის საავადმყოფოში არ უშვებენ ნავალნის მეუღლეს, იულიას, და მის ექიმს. საავადმყოფოში, რომელშიც ნავალნია მოთავსებული, რუსეთის რამდენიმე სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები მორიგეობენ.

ისინი ესაუბრებიან ექიმებს და ასევე სურთ დაათვალიერონ ნავალნის პირადი ნივთები.

პოლიტიკოსის პირადმა ექიმმა, იაროსლავ აშიმხინმა, განაცხადა, რომ განიხილება ნავალნის გადაყვანა ევროპის რომელიმე კლინიკაში.

„ჩვენი არხებით ვცდილობთ მოველაპარაკოთ სტრასბურგის და ჰანოვერის საავადმყოფოებს, რომ მათ მიიღონ იგი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომსკელმა ექიმებმა, მათდამი პატივისცემის მიუხედავად, მოგვცენ ავადმყოფი, რადგან ტოქსიკოლოგია ძალიან სპეციფიკური დარგია და ძალია ცოტაა სკოლა, სადაც შეუძლიათ უმკურნალონ პაციენტს, რომელიც, სავარაუდოდ, რომელიღაც შხამით (ტოქსინით) არის მოწამლული“, - აცხადებს იაროსლავ აშიმხინი.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტებმა პოლიციაში უკვე შეიტანეს განცხადება, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - „სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლეზე ხელის აღმართვის“ მუხლით.

ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ცნობების გამო შეშფოთება გამოხატა ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეპ ბორელიმ.

„თუ ეს დადასტურდა, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, - დაწერა ტვიტერში ბორელიმ და სასწრაფოდ გამოჯანმრთელება უსურვა ნავალნის.

ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, ომსკის ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნის ტრანსპორტირება შეუძლებელია. პოლიტიკოსის ცოლს, იულია ნავალნის, არ აძლევენ მეუღლის დოკუმენტებს, - დაწერა ტვიტერში კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორმა, ივან ჟდანოვმა, რომელიც იულია ნავალნისა და იაროსლავ აშიმხინთან ერთად ომსკში იმყოფება.

რუსეთის სახელმწიფო საგენტო „ტასი“ (ТАСС ), „სამართალდამცველი ორგანოების წყაროზე“ დაყრდნობით წერს, რომ ნავალნის განზრახ მოწამვლის ვერსია ჯერჯერობით არ განიხილება: „არ არის გამორიცხული, რომ მან რაიმე წუხელ დამოუკიდებლად დალია ან მიიღო“.

ნავალნის პრესმდივანი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო საინტერნეტო რესურსების კოორდინირებულ მედიაკამპანიას ნავალნის წინააღმდეგ.

„მას არც წუხელ და არც დღეს არანაირი წამალი არ მიუღია“, - აცხადებს კირა იარმიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG