Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის ფონდის დირექტორი აცხადებს, რომ პოლიციამ საშიში ნივთიერების აღმოჩენა დაადასტურა


ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორის, ივან ჟდანოვის ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენელმა საშიში ნივთიერების აღმოჩენა დაადასტურა.

ომსკის საავადმყოფოსთან მყოფ ჟურნალისტებს ჟდანოვმა უამბო, რომ დღეს დილით, როცა კლინიკის მთავარი ექიმის კაბინეტში იმყოფებოდნენ, ოთახში შემოვიდა სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ტელეფონიდან რაღაც აჩვენა და თქვა, რომ „ეს ნივთიერება იპოვეს“, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ „იპოვეთ და იპოვეთ, მე მეტი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“.

ივან ჟდანოვის თქმით, როცა პოლიციელს ჰკითხეს, კონკრეტულად რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, მან უპასუხა, რომ ეს გამოძიების საიდუმლოა, თუმცა, ნივთიერება სასიკვდილოა და ემუქრება არა მხოლოდ ალექსეი ნავალნის, არამედ ახლოს მყოფებსაც და ყველანი დამცავ კოსტიუმებში უნდა იყვნენ.

ნავალნის ცოლის, იულიას განცხადებით, სანდო კლინიკაში ალექსეის ტრანსპირტირებაზე ისევ უარი უთხრეს, მაშინ, როცა რამდენიმე საათით ადრე თითქოს, შესაბამისი დოკუმენტების მოზადება დაიწყეს. იულიას ვარაუდით, ეს იმისთვის კეთდება, რომ ორგანიზმში ქიმიური ნივთიერების კვალი გაქრეს. ნავალნის ოჯახი და თანამოაზრეები ომსკის საავადმყოფოს არ ენდობიან.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი მეორე დღეა კომაშია ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ადგილობრივ ექიმებს ოფიციალური დიაგნოზი ამ დრომდე არ უთქვამთ.

20 აგვისტოს, დილით ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, რომლითაც ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა ომსკში დაშვებულიყო. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ პრესმდივანი კირა იარმიში, რომელიც ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ მან გამგზავრების წინ მხოლოდ ჩაი დალია, ამიტომ ვარაუდობს, რომ რაღაც ნივთიერება სწორედ ჩაიში იყო გარეული.

გვიან ღამით, გერმანიიდან ომსკში გაგზავნეს სპეციალური თვითმფრინავი ალექსეი ნავალნის ტრანსპორტირებისთვის, თუმცა, ოჯახს ამის უფლებას ადგილობრივი ექიმები არ აძლევენ ნავალნის მძიმე მდგომარეობის საბაბით.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ მზად არიან უზრუნველყონ ევროკავშირის ტერიტორიაზე ალექსეი ნავალნის მკურნალობა და უსაფრთხოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG