Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგა ხაინდრავა: აფხაზეთის მთავრობამ ბულინგის გამო გადაიფიქრა ჩემი ფილმის გადაღება


რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ აფხაზეთის მთავრობამ ბულინგის გამო გააუქმა მისი ფილმის გადაღების გადაწყვეტილება. ხაინდრავა საჯაროდ ითხოვს ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარისგან, რუსლან აბაშიძისგან გადაწყვეტილების შეცვლაზე პასუხს.

"იმ ბულინგის შედეგად, რომელიც განხორციელდა, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აბაშიძემ დაიბარა კულტურის მინისტრი ნიჟარაძე და განკარგულება გასცეს, რომ პროექტი შეჩერებულიყო... მე ვუსვამ კითხვას ბატონ აბაშიძეს, რატომ გააჩერა პროექტი. რა უდევს ამას საფუძვლად, რამ განაპირობა მისი გადწყვეტილება... ეს პროექტი გაკეთდება ყველა ვარიანტში. მიიღებს ამაში მონაწილეობას აფხაზეთის ხელისუფლება, რომლის ვალდებულებაც არის. ეს არ არის სურვილი, ეს არის ვალდებულება მისი და მათი უბედურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში მსგავსი არაფერი გაკეთებულა", - განაცხადა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე.

მან ბრიფინგზე თქვა, რომ ფილმის გადაღება რეალურად 360 ათას ლარამდე ჯდება, თუმცა ხარჯის 2/3 ნაწილს თავად მისი კომპანია ფარავდა.

რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებამ მასალა გამოაქვეყნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის მინისტრის ბრძანებაზე დაყრდნობით მომზადდა. ამ ბრძანებით გოგა ხაინდრავას კომპანიის "ღვინო და კინოს" მიერ გადასაღები ფილმის, "სიმართლე აფხაზეთზე" ხარჯებისთვის 100 ათასი ლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული.

ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი ახალი ფილმი, რომელსაც ხელისუფლება უკვეთავდა, აფხაზეთში რუსული პროპაგანდის საპირწონე უნდა გამხდარიყო. მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ რეალობა დაამახინჯა და ცდილობს ზიანი მიაყენოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას. ფილმის მიზანი კი მუჰაჯირობის შესახებ რეალური ფაქტების მიწოდებაა.

"სამწუხაროდ, იქ წამლავენ ხალხს და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლის პროპაგანდა", - უთხრა რამდენიმე დღის წინ ხაინდრავამ რადიო თავისუფლებას.

მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აფხაზეთის კულტურის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოსთვის მიმართვა გააუქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG