Accessibility links

site logo site logo

PHR: ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალში ძალადობის სხვა ეპიზოდებიც დაემატა


ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბრალდებული ჩოგბურთელის ბრალი დაზუსტდა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდიც დაემატა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯამში მას ბრალი წარდგენილი აქვს 5 ეპიზოდში.

"ახლა მას დაემატა 21 მაისამდე ჩადენილი ფიზიკური ძალადობის სამი ეპიზოდი და გენდერული ნიშნით სისტემატური ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ნაწილი", - განუცხადეს რადიო თავისუფლებას ორგანიზაციაში.

დოროყაშვილის უფლებადამაცველების ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

რადიო თავისუფლებამ სცადა ბასილაშვილის ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2013 წელს დაქორწინდნენ და 2019 წლამდე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათი ვაჟი 2015 წელს დაიბადა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG