Accessibility links

"პატრიოტთა ალიანსი" თავისი ლიდერების აფხაზეთში ჩასვლაზე არაფერს ამბობს


ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსში” ამ დრომდე არაფერს ამბობენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პარტიის ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებდნენ. „პატრიოტთა ალიანსის“ აპარატის უფროსმა, ირაკლი ჩიხრაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვერაფერს იტყვის. მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, რომ პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. რადიო თავისუფლებას ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, რომ კარანტინში არ ყოფილა დავით თარხან-მოურავი.

20 აგვისტოს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 აგვისტოს, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურთან ჩაკეტილი ე.წ. საზღვრის გავლით ჩავიდნენ ოკუპირებულ რეგიონში, სადაც დაახლოებით 4 საათს იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნების შემდეგ კი ისინი გადაიყვანეს განმუხურის საკარანტინო სივრცეში, რომელიც მოგვიანებით დატოვეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ინაშვილისა და თარხან-მოურავის სავარაუდო ვიზიტზე არაფერს ამბობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ აცხადებს, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს აფხაზეთის „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საკანიასთან. „არუაა“ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს სთხოვს, შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართოს შეხვედრის მიზეზების დასადგენად და ამ საკითხზე მოსმენა გამართოს.

2018 წელს ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის თანაგუნდელებთან ერთად აფხაზეთში ჩავიდეს, რადგან, თუ ქვეყნის გაერთიანება სურთ, ეს პირდაპირი დიალოგის გარეშე არ გამოვა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად ასლან ბჟანიას არჩევის შემდეგ, მისი ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად ლაპარაკობენ თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG