Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა გადაიდო


მცხეთის რაიონულ სასამართლოში, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, ლ.შ.-ს ადვოკატი, ზაქრო გვიშიანი აცხადებს, მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხდომის დაწყებისას, ერთ-ერთი ბრალდებული, ზ.ხ., რომელიც მეოთხე დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.

ზაქრო გვიშიანის თქმითვე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ზ.ხ.-ს დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი:

„ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ ზ.ხ.-სა და მისი ადვოკატის, გიორგი გელხაურის მიერ ადგილი ჰქონდა პროცესის გაწელვას. ამას სასამართლოც დაეთანხმა. თუმცა, მე და ჩემი კოლეგები ასე არ ვთვლით, რადგან პროცესის დატოვების წინაპირობა იყო ცუდად გახდომა. უკვე მეოთხე დღეა ზ.ხ. შიმშილობს და არანაირი მიზეზი და საფუძველი პროცესის გაჭიანურებისა არ ყოფილა. ერთადერთი იყო ცუდად გახდომა შიმშილის ფონზე“.

შეგახსენებთ, რომ სანამ მოსამართლე სხდომის გადადების გადაწყვეტილებას მიიღებდა, ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა:

"პროცესზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, არასრულწლოვანს წნევა გაუზომეს და სასამართლოს განუცხადეს, რომ ზ.ხ. თავს კარგად გრძნობდა. ზ.ხ.-ს ჰქონდა თავბრუსხვევა და ხელები და ფეხები დაბუჟებული. მან ვერ შეძლო პროცესზე მონაწილეობის მიღება, მისი სურვილია, რომ დასვას კითხვები იმ მოწმეებთან მიმართებით, რომლებიც იკითხებიან ამ არსებით სხდომებზე. პროკურატურამ მოითხოვა საქმის გაგრძელება მიუხედავად იმისა, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თავს ცუდად გრძნობდა. ზ.ხ.-მ დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი, ვინაიდან ისევ შეუძლოდ გახდა და მეც მთხოვა, დამეტოვებინა სასამართლო პროცესი და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა”, - აცხადებდა გიორგი გელხაური.

მისივე თქმით, არასრულწლოვანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობას აგრძელებს.

21 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დანიშნული იყო 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა. სხდომაზე ექვსი მოწმე უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, გადაიდო.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG