Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შორტებით სიარულის გამო ცემის საქმეზე პანკისში კიდევ ერთი პირი დააკავეს


პანკისის ხეობაში, ჩაცმულობის გამო, მამა-შვილზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა. მანამდე, ერთი პირი შსს-მ 20 აგვისტოს დააკავა.

8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე სულ ორი ადამიანია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.

ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნიკო წელაური, რომელიც თბილისში ცხოვრობს და წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის, რამდენიმე დღის წინ სოფლის სახლში იყო ჩასული. უკან დაბრუნების დროს სოფელ ყვარელწყალში მდებარე კაფეში შეიარა, სადაც წინასწარ შეკვეთა ჰქონდა მიცემული. ნიკო იხსენებს, რომ კაფეში შესვლიდან მალევე ქუჩაში გაჩერებულ მის ავტომობილთან, სადაც არასრულწლოვანი შვილი ელოდა, ხალხმრავლობა შენიშნა, გარეთ გამოსულმა კი გაარკვია, რომ მის შვილს სამი ადგილობრივი ახალგაზრდა ედავებოდა იმაზე, თუ რატომ ეცვა მოკლე შარვალი, იგივე შორტები.

ამ დროს წელაურსაც შორტები ეცვა. როგორც თავადვე ამბობს, სწორედ ამის გამო ერთი ახალგაზრდა მას, ორი კი მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

ნიკოს თქმით, ცემის გამო ადგილზე გონება დაკარგა, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, რომ მას ხელი აქვს მოტეხილი. შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო ნიკოს 16 წლის შვილმაც.

წელაურის თქმით, ცემაში სამი პირი მონაწილეობდა და ის ყველა მათგანის კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვს.

შორტებით ქუჩაში გადაადგილების გამო პანკისში ადრეც არაერთი ადამიანი უცემიათ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში სავარაუდო მოძალადეები არ დასჯილან.

მსგავს შემთხვევებში სავარაუდო მოძალადეები მომხდარს რელიგიას და ადათ-წესებს უკავშირებენ, თუმცა მათ აზრს პანკისში ბევრი არ იზიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG