Accessibility links

ლუკაშენკა: უცხოეთში ბელარუსის წინააღმდეგ ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი მოქმედებს


ბელარუსის წინააღმდეგ მოქმედებს ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი, სადაც იმყოფებიან „მთავრობები დევნილებაში“. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა 21 აგვისტოს აგროსამრეწველო კომპლექს „ძერჟინსკის“ მონახულებისას, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო BELTA.

„საკოორდინაციო საბჭო - ლამაზი სახელწოდებაა. დღეს, ჩემი აზრით, ხუთი მთავრობა უკვე იმყოფება უცხოეთში დევნილებაში“, თქვა მან.

ერთ-ერთ ასეთ ცენტრად ბელარუსის ლიდერმა დაასახელა ვალერ ცაპკალა, რომელიც ვარშავაშია. „ისიც მამაცია, განცხადებებს აკეთებს ვარშავიდან. ეს ერთ-ერთი მთავრობაა“, მოჰყავს BELTA-ს ლუკაშენკას სიტყვები.

ბელარუსის ლიდერის თქმით, სვიატლანა ციხანოუსკაიას უცხოეთში წასვლაში მასაც მიუძღვის წვლილი. „მისი თხოვნით. ის წესიერი ქალია, თავისი შვილები უყვარს. მაგრამ ის ფერფლში ჩააგდეს... ის დააბნიეს, დაეხვია [ლიეტუვის] საგარეო საქმეთა სამინისტრო, სპეცსამსახურები, უკვე განცხადებების კეთებაც დაიწყო. აი, კიდევ ერთი ცენტრი. უბრალოდ, არ მინდა ჩამოთვლა - ისინი ამერიკიდან ვარშავამდე არიან“, თქვა მან.

„თქვენ შეგიძლიათ გამკიცხოთ ან არ გამკიცხოთ, მაგრამ სანამ პრეზიდენტი ვიქნები, მკაცრ პოლიტიკას გავატარებ ქვეყნის შიგნით ვითარების სტაბილიზაციის საქმეში“, უთხრა ლუკაშენკამ აგროსამრეწველო კომპლექსის მუშებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG