Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძემ დიმიტრი ხუნდაძის კრიტიკას უპასუხა: პაციენტისთვის დენს რომ დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი?


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ცენტრი იძულებული გახდა დროებით შეეჩერებინა COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღება, რადგან ცნობილი მიზეზების გამო, "ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები".

ცერცვაძეს ამ განმარტების გაკეთება მოუწია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადების გამო, რომელმაც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გადაწყვეტილებას არასწორი უწოდა.

„ბატონო დიმიტრი! საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.

COVID-19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის არმიწოდების გამო რომ დაღუპულიყო (რაც ძალიან რეალურია) ან ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მომხდარიყო (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტისთვის დენს დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ.

ჩვენ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, გავაკეთეთ იმისთვის, რათა ცენტრში შესაბამისი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარებულიყო, მათ შორის მრავალგზის მივმართეთ შესაბამისი თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სააქციო საზოგადობაა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სტრუქტურების ნებართვისა და დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით“, - წერს თენგიზ ცერცვაძე და დიმიტრი ხუნდაძეს მოუწოდებს თქვას, თუ რა იქნებოდა ამ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილება.

ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი სტაციონალურ პაციენტებს აღარ მიიღებს, 20 აგვისტოს გავრცელდა, მიზეზად კი ელემენტარული პირობების არარსებობა დასახელდა.

20 აგვისტოსვე გახდა ცნობილი, რომ ცენტრს უფლება მიეცა, საკუთარი დივიდენდებიდან 300 000 ლარი გამოიყენოს, გადაუდებელი სამუშაოებისთვის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო საქართველოში კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ჩართული ერთ-ერთი მთავარი კლინიკაა. დაწესებულება წლებია, პაციენტებს იღებს იჯარით აღებულ და მოუწესრიგებელ შენობაში, რომელშიც ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადის.

2020 წლის ივლისში, მთავრობამ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალ, ₾40-მილიონიან შენობას აუშენებს. თუმცა მანამდე, ცენტრის ხელმძღვანელის მტკიცებით, არსებულ შენობაში მუშაობა შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG