Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება კამპანია „ქართველები აფხაზებისა და ოსებისათვის“


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისა (DRI) და ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით, ქართული საზოგადოების ნაწილმა დაიწყო კამპანია „ქართველები აფხაზებისა და ოსებისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა დახმარებას.

ამ კამპანიის ფარგლებში შეგროვილი თანხა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით აფხაზეთში დაინფიცირდა 234 ადამიანი, ხოლო ცხინვალში 89 ადამიანი, ასეულობით ადამიანი იმყოფება კარანტინში და ყოველდღიურად ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკები იზრდება, რასაც ასევე ხელს უწყობს ადგილზე მწირი სერვისები, სამედიცინო ინფრასტურქტურა, სამედიცინო აღჭურვილობის, დამცავი საშუალებების და პროფესიონალი სამედიცინო მუშაკების სიმცირე.

ეს ინიციატივა კი მათთვის ხელის გაწვდის მცდელობაა.

"წარსულმა ომებმა, ძალადობამ, იზოლაციამ და კონფლიქტების მოუგვარებლობამ ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა ვირუსისთვის. წარსულში ჩვენმა ხალხებმა ერთად ბევრი რამ გადაიტანეს, ტკივილიც და სიხარულიც, გამარჯვებაც და დამარცხებაც, მოხდა ბევრი შეცდომაც და დანაშაულიც, რამაც კიდევ უფრო დაგვაშორა. მოვა დრო ამ ყველაფერზე საუბრის და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა გვექნება, დღეს ამის დრო არაა, დღეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის. პლატფორმის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ სასურველი ღირებულების პაკეტი და ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში“, - წერენ კამპანიის ინიციატორები.

მათივე განცხადებით, დახმარების ადგილზე მიტანას ისინი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით შეძლებენ, ხოლო დეტალურ ნფორმაციას შეგროვილი თანხის შესახებ საჯაროდ გამოაქვეყნებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG