Accessibility links

ბაჩალიაშვილის ადვოკატი მოითხოვს ხელახლა დაიკითხონ ის პირები, ვინც საქმეზე ჩვენება მისცა


23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა.

გვიან ღამით, პროკურატურიდან გამოსულმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმეზე გამოკითხული პირების ჩვენებები ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს ტოვებს, მათ შორის, იმ მწყემსის ჩვენებაც, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ტყეში აღმოაჩინა. ადვოკატი ამბობს, რომ მათი ჩვენები არ არის სანდო.

„ვითომდა, მათ მიერ ავტომობილის აღმოჩენა და ფაქტების აღწერა, თითქოს ავტომობილის ნახვა. დაუზუსტებელი კითხვების გარეშე ჰყავდათ თეთრიწყაროს რაიონის გამომძიებლებს დატოვებული ეს ადამიანები. შესაბამისად, ამ ჩვენებებს გავეცანი და მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა. ეს იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რატომ მოხდა ზოგადი და დაუზუსტებელი კითხვების დასმის გარეშე მათი ჩვენებების საქმეში არსებობა“.

მისივე განმარტებით, პროკურატურაში ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, წყლის ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს, გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი.

„ექსპერტიზის დასკვნებს, რასაც გავეცანი ამის თაობაზეც მქონდა საუბარი და მოვითხოვე, რომ მოიწვიონ ექსპერტებიც, დაიკითხონ ისინიც და შესაბამისად, უკვე ამ მიმართულებითაც დაიწყონ გამოძიება. საეჭვოა ის, რომ ერთ-ერთი მედიკამენტი ავტომობილში საერთოდ არ არის, მაგრამ ორგანიზმში არის. ეს ერთ-ერთი მედიკამენტი ქსელში საერთოდ არ მოიძიება, დავათვალიერე ავტომობილი და შემთხვევის ადგილი. ზოგადად მედიკამენტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ძალიან მძიმე საძილე საშუალებებია და ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის მედიკამენტები, რაც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში არის გახსნილი და აღმოჩენილი. მოგეხსნებათ მედიკამენტი, რომელიც ორგანიზმშია აღმოჩენილი, ბოთლში თუ აღმოჩნდა, ესე იგი ბოთლში არის გახსნილი“.

ამასთან, მიხეილ რამიშვილის თქმით, 23 აგვისტოდან ავტომობილის ექსპერტიზის საკითხიც დაიწყება დაჩქარებული წესით, პარალელურ რეჟიმში კი ვიდეოჩანაწერებს ათვალიერებს.

ადვოკატის თქმით, ძალაში რჩება ოჯახის მოთხოვნა, რომ პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში ჩაერთოს აშშ-ს ფედერალური ბიურო.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიებამ მეორე დღესვე თქვა, რომ მის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ამ ინფორმაციის გავრცელებამ ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი ამბობდნენ, რომ გამოძიება ამგვარი ფაქტებზე აქცენტირებით მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG