Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეომ ისრაელში ვიზიტით დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ტურნე


მაიკ პომპეო და ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთმანეთს ესალმებიან. იერუსალიმი, 2020 წ. 24 აგვისტო.
მაიკ პომპეო და ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთმანეთს ესალმებიან. იერუსალიმი, 2020 წ. 24 აგვისტო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩავიდა ისრაელში, სადაც იწყებს ხუთდღიან ტურნეს ახლო აღმოსავლეთში. მისი მოგზაურობის ყურადღების ცენტრშია არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზება. პომპეო შეეცდება, სხვა არაბულ სახელმწიფოებსაც უბიძგოს, მისდიონ საამიროების მაგალითს.

დღეს პომპეო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა მის ოფისში იერუსალიმში.

13 აგვისტოს ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას აპირებენ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული გარიგების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ისრაელის დაპირებას, რომ უარს იტყვის მის მიერ ოკუპირებული მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილების ანექსირების გეგმებზე.

ამ გარიგებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც სრულ დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს ისრაელთან და მესამე არაბული სახელმწიფოა, რომელსაც აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები აქვს მასთან.

გადაწყვეტილებას მაღალი შეფასება მისცეს სპარსეთის ყურის რიგმა სახელმწიფოებმა, მაგრამ ის დაგმეს ირანმა, თურქეთმა და პალესტინელებმა.

ისრაელის გარდა პომპეო ესტუმრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, ომანს, კატარსა და სუდანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG