Accessibility links

logo-print logo-print

შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 11-ვე სრულწლოვანი პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ის გარემოებები დაასაბუთა, რომლის თანახმადაც, ყველა მათგანის მიმართ ძალაში უნდა დარჩენილიყო შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

"სასამართლო სხდომაზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა. ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება. ადვოკატებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ეს პოზიციები ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე არ იყო გაკეთებული. იგივეს აცხადებდნენ, რასაც წინა პროცესებზე აცხადებდნენ. შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება”, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

​პროკურატურამ, სრულფასოვანი მოკვლევის საბაბით, გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რის შემდეგაც, წინასასამართლო სხდომა, ნაცვლად 31 აგვისტოსი, 14 სექტემბერს დაინიშნა. სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში სრულწლოვანი ბრალდებულებისათვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი.

11 სრულწლოვან ბრალდებულს, ირაკლი მუმლაძეს, თენგიზ ბარბაქაძეს, საბა გოგშელიძეს, გიგა ტატიაშვილს, ნიკა ჟვანიას, საბა ჩხარტიშვილს, ვასილ მახარაძეს, ირაკლი წაქაძეს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

მათგან სამს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს გამოძიება ასევე ედავება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერსაა დანიშნული.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, ერთი ახალგაზრდა „კამრის“ მგზავრებმა თბილისში წამოიყვანეს, გიორგის კვალი კი ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გამოძიების თანახმად, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. „კამრის“ ხუთ მგზავრს, მათი შორის, ორ არასრულწლოვანს, გამოძიებამ ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა და მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG