Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი დააკავა


გაფიცულები მინსკის ტრაქტორის ქარხანასთან. სიარჰეი დილეუსკი, რომელიც 24 აგვისტოს დააკავეს.
გაფიცულები მინსკის ტრაქტორის ქარხანასთან. სიარჰეი დილეუსკი, რომელიც 24 აგვისტოს დააკავეს.

ბელარუსში ხელისუფლებამ დააკავა ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი მინსკის ტრაქტორის ქარხნის გარეთ.

პარალელურად, ბელარუსის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო იტყობინება, რომ ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრი, იურისტი ლილია ვლასოვა 24 აგვისტოს დასაკითხად გამოიძახეს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში.

საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ ვოლჰა კოვალკოვა, ციხანოუსკაიას მაღალი რანგის მრჩეველი და გაფიცვების ორგანიზატორი, სიარჰეი დილეუსკი 24 აგვისტოს დააკავეს და ბრალად დასდეს ნებადაურთველი საპროტესტო გამოსვლის ორგანიზების მცდელობა მინსკის ტრაქტორის ქარხანაში.

30 წლის დილეუსკი ტრაქტორის ქარხნის მუშაა. ამ ქარხნის განსაკუთრებულმა კრიტიკულობამ პრეზიდენტ ლუკაშენკას მიმართ, საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო.
კოვალკოვას თანაგუნდელმა, ძიანის სადოუსკიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეა აღძრული და, სავარაუდოდ, ჯარიმას დააკისრებენ.

დაკავება მოხდა მეორე დღეს მათ მერე, რაც ასი ათასზე მეტი დემონსტრანტი გავიდა მინსკის ქუჩებში 23 აგვისტოს. მათი პროტესტი მიმართული იყო პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას და 9 აგვისტოს არჩევნებში, ოფიციალური შედეგებით, მისი გამარჯვების წინააღმდეგ.

საპროტესტო გამოსვლები გრძელდება კენჭისყრის შემდეგ, მიუხედავად ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან მათი ჩახშობისა და ათასობით ადამიანის დაკავებისა.

დილეუსკიმ ტრაქტორის ქარხანაში მუშებს მოუწოდა გაფიცვისკენ მას მერე, რაც თვითონ იყო მოწმე დემონსტრანტების დაშავებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ საპატიმროში აწამეს.

ასობით მუშამ მხარი დაუჭირა დილეუსკის, ახალი არჩევნების მოთხოვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ლუკაშენკამ არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, რითაც გაიზარდა შესაძლებლობა, რომ არმიამ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს დემონსტრაციების სისხლიან ჩახშობაში.

ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ის დახურავს ქარხნებს, სადაც მუშათა პროტესტი იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტივენ ბიგუნი 24 აგვისტოს ლიეტუვაში ხვდება ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას.

მოლაპარაკების დროს განიხილავენ ბელარუსის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG