Accessibility links

2 წლის ბავშვზე ძალადობისთვის ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეეფარდა


სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ძიძას, რომელიც 2 წლის ბავშვის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ადვოკატი 5-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

საქმის პროკურორის ნათია ზონაძის განცხადებით, მოსამართლე ზვიად შარაძემ , ლელა ლაშქარაშვილს პატიმრობა მართებულად შეუფარდა, ვინაიდან არსებობდა მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლის საფრთხე.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი ღონისძიება - პატიმრობა“ - განაცხადა ნათია ნოზაძემ.

პროკურორის განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობისას არსებულ მტკიცებულებებს ახალიც დაემატა.

“მტკიცებულებებში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, ასევე, ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია ძალადობის კადრები. ამავდროულად გრძელდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და მოპოვებული იქნება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც შემხებლობაშია ამ საქმეზე”, - განაცხადა ნათია ნოზაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 13 ოქტომბერს გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც ორ სხვა ძიძასთან ერთად, ხუთ მცირეწლოვანს უვლიდა:

„ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა - შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა“.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG