გერმანიის მთავრობის განცხადებით, „საკმაოდ სავარაუდოა“, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთში მოწამლეს და მას პირადი დაცვა სჭირდება გერმანიის საავადმყოფოში ყოფნისას.
ნავალნი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში, „შარიტეს“ საავადმყოფოში.
მანამდე რუსეთის შიგნით ფრენისას ის ცუდად შეიქნა და ტომსკიდან მოსკოვში მიმავალი თვითმფრინავი დაჯდა ომსკში, სადაც ნავალნი საავადმყოფოში მოათავსეს.
ნავალნის თანაგუნდელების თქმით, ის მოიწამლა, როცა დალია ჩაი ტომსკის აეროპორტში მოსკოვში გაფრენამდე.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივანმა განაცხადა, რომ საქმე ეხება პაციენტს, რომელიც „ალბათ მოწამლეს“. შტეფენ ზაიბერმა ბერლინში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „არსებობს ეჭვი... რომ ვიღაცამ ნავალნი მოწამლა, რომ ვიღაცამ ის სერიოზულად მოწამლა, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს რუსეთის უახლოეს ისტორიაში. მსოფლიო ამ ეჭვს ძალიან სერიოზულად იღებს“, თქვა ზაიბერტმა 24 აგვისტოს.
„რადგან არსებობს მოწამვლის გარკვეული ვარაუდი, საჭიროა დაცვა“, თქვა ზაიბერტმა.
დირკ ვიზემ, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა, გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ „ცეტ-დე-ეფს“ (ZDF) უთხრა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფოში კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია.
ვიზეს თქმით, გერმანიის პოლიციის თანამშრომლები ყოველი შემთხვევისთვის ნავალნის პალატასთან მორიგეობენ.
დაწერეთ კომენტარი