24 აგვისტოს სამხრეთ კორეის დედაქალაქმა განკარგულება გასცა ნიღბების ტარების შესახებ შიდა და გარე სივრცეებში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უკვე მე-11 დღეა, კორონავირუსით დავადებულთა შემთხვევები სამნიშნა რიცხვით იმატებს.
ახალ შემთხვევათა უმეტესობა რეგისტრირებულია სეულში, სადაც ათ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობა 17-ვე რეგიონში მატულობს.
ოფიციალური პირები შიშობენ, რომ სამხრეთი კორეა საყოველთაო ეროვნული პანდემიის ზღვარზეა, თუ ვერ მოხერხდა ინფექციის კონტროლი მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქში.
სამხრეთი კორეა ფართოდ აღიარებული იყო კორონავირუსის გავრცელების შენელების საქმეში თავისი ეფექტიანი საწყისი ზომების გამო, რომლებიც ფართო ტესტირებას და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენის თანმიმდევრულ ზომებს მოიცავდა.
მთლიანობაში, სამხრეთ კორეის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 17665-ს შეადგენს და გარდაცვლილთა რიცხვი 309-ს. ხუთ თვეზე მეტია, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში სულ მცირე 23 მილიონი ადამიანი დაავადდა და 800 000-ზე მეტი გარდაიცვალა.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში - განსაკუთრებით ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში - თვეების მანძილზე პირველად, კვლავ აღინიშნება შემთხვევათა მატება. ამან წარმოშვა შიში, რომ ვირუსი, შესაძლოა, დაბრუნდეს.
გასული კვირების მანძილზე, ინდოეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დადასტურებული შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 70 000-ს აღწევს. ინდოეთმა 3 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით დაავადებულთა შემთხვევების რაოდენობით, თუმცა 1.3 მილიარდი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, ინფიცირებულთა რიცხვი, სინამდვილეში, უთუოდ, მეტია.