Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სკოლებში კონსტიტუციის სწავლების ინიციატივით გამოდის


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სკოლებში კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების სწავლების ინიციატივით გამოდის.

„საქართველოს კონსტიტუცია არის ქართული სახელმწიფოს ღერძი, საქართველოს ხალხის, მისი ყოველი მოქალაქის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ხიდი თაობებს შორის, განვითარების გზა და მომავლის მოდელი. ის არის ქვეყნის კონსტიტუციური სტაბილურობის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლო“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში პრეზიდენტი წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც ეხება და გამოთქვამს იმედს, რომ ახალი კონსტიტუციის ფარგლებს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გასცდება ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებზე.

„სულ ახლახან კი განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც გზას უხსნის ოქტომბერში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მჯერა, რომ არავინ შეეცდება გავიდეს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არავინ შეეცდება აგრესიის, დესტაბილიზაციის, პოლარიზაციის, ქაოსისა და არეულობის გზით მიაღწიოს დასახულ პოლიტიკურ მიზანს. კონსტიტუციურ გზას ალტერნატივა არ გააჩნია“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

დღეს 30-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომლითაც ისინი საკუთარი პარტიისა და ერთმანეთის ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე შეთანხმდნენ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც დღეს ხმების დაცვის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, მხოლოდ დესტრუქცია და არეულობის გამოწვევის სურვილი აერთიანებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG